საქართველო უძველეს ხანაში (ძვ. წ. III ს-მდე) Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 11:21

საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი ძალიან დიდი ხანია მოსახლეობს. აქ ქალაქ დმანისის მახლობლად აღმოჩენილია ნამარხი ადამიანის ნაშთი, რომლის ასაკი პლიო-პლეისტოცენია (დაახლოებით 1.8 მლნ. წელი). დღესდღეობით ეს დასავლეთ ევრაზიის ადამიანის ყველაზე ძველი ნაშთია. შემდეგ ქვის ხანის ადამიანმა თანდათანობით საქართველოს მთელი ტერიტორია აითვისა. უკვე აშელის ეპოქის (დაახლოებით 400 ათასი - 100 ათასი წლის წინ) ნამოსახლარები აღმოჩენილია საქართველოს როგორც ზღვისპირეთში, ასევე ქვეყნის შიდა რეგიონებში და მაღალმთიან ზოლში.

დაახლოებით 6 - 7 ათასი წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანმა იარაღის დასამზადებლად ქვასთან ერთად ლითონის გამოყენებაც დაიწყო, ძვ. წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე კი ქართველთა წინაპრებმა ბრინჯაოს მიღება-დამუშავება ისწავლეს. შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ . II ათასწლეულის პირველი ნახევარი) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ტომთა კავშირები არსებობდა. თრიალეთის ზეგანზე გათხრილ დიდ ყორღანებში, სადაც მათი ბელადები იმარხებოდნენ, აღმოჩენილია როგორც ბრინჯაოს იარაღი და თიხის ჭურჭელი, ასევე ოქრომჭედლური ხელოვნების განსაცვიფრებელი ნიმუშები.

წარმოშობით ქართველები ეკუთვნიან პალეოკავკასიურ (ანუ კავკასიურ) ეთნოლინგვისტურ ოჯახს, რომლის წარმომადგენელი ხალხები კავკასიის უძველესი მოსახლეობის პირდაპირი შთამომავლები არიან. ეს ოჯახი იყოფა სამ შტოდ: 1. დასავლური, ანუ აფხაზურ-ადიღური; 2. აღმოსავლური, ანუ ჩეჩნურ-დაღესტნური და 3. სამხრეთული, ანუ ქართველური. შესაბამისად, დასავლური შტო აერთიანებს თანამედროვე აფხაზებს, აბაზებს, ადიღეელებს, ჩერქეზებსა და ყაბარდოელებს; აღმოსავლური - ჩეჩნებს, ინგუშებსა და დაღესტნელებს (ავარები, ლეზგები, დარგუელები, ლაკები და სხვ.); ქართველური კი წარმოდგენილია ქართველი ხალხით, რომელიც შედგება სამი ძირითადი სუბეთნიკური ჯგუფისაგან - ქართები, ზანები ანუ მეგრელ-ჭანები და სვანები. წინარე ქართველური ენის დაყოფა ქართულ, ზანურ და სვანურ შტოებად იწყება ძვ.წ. III-II ათასწლეულებში.

იმ ეპოქაში ქართული (ქართველური) ტომები სახლობდნენ როგორც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის რაიონებში. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში ზოგიერთმა მათგანმა სახელმწიფოს ჩამოყალიბების ზღურბლს მიაღწია. ასე, ძვ. წ. XII ს-ში მდინარეების ჭოროხისა და დასავლეთ ევფრატის სათავეებში ყალიბდება ადრეკლასობრივი გაერთიანება დიაუხი. დიაუხის მოსახლეობას მძიმე ბრძოლების წარმოება უხდებოდა წინა აზიის მძლავრი სახელმწიფოების - ასურეთისა და ურარტუს წინააღმდეგ. ძვ. წ. IX-VIII სს-ის მიჯნაზე ურარტუმ გაანადგურა და დაიპყრო დიაუხი. ამის შემდეგ ურარტუს მეფეები იწყებენ ომებს შავი ზღვის პირას მდებარე მეორე ქართული გაერთიანების - კოლხას წინააღმდეგ. კოლხა -ის ძლიერი კოლხეთის სამეფო უნდა იყოს, რომლის დიდება და ბრწყინვალება ასე თვალნათლივ აისახა ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ. ძვ.წ. VIII ს-ის 30-20 -იან წლებში ეს ადრინდელი კოლხური სახელმწიფო გაანადგურეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა კიმირიელებმა.

ძვ. წ. VII-VI სს-ში კოლხური სახელმწიფოებრიობა ისევ აღორძინდა. ამ ახალი სამეფოს ცენტრი მდინარე რიონზე (ძვ. ფასისი) უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდის კოლხეთის ეკონომიკის საფუძველი იყო განვითარებული მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და რკინის მეტალურგია. შინაგანი განვი თარების საფუძველზე რიონის ველზე წარმოიშვა ქალაქური ტიპის დასახლებები. ძვ. წ. VI -III სს-ში აქ იჭრება საშინაო ბაზრისათვის განკუთვნილი ვერცხლი ფული.

ძვ. წ. VI ს-დან ფართოვდება კოლხეთის სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან. მალე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩნდება ბერძენთა ქალაქი-კოლონიები - ფასისი (ფოთის მიდამოებში), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი ) და სხვ.

ძვ. წ. IV-III სს-ში კოლხეთის სამეფო თანდათანობით სუსტდება და ბოლოს იშლება. მისი აღმოსავლეთი ოლქები შედიან ახლადწარმოშობილ აღმოსავლურ-ქართულ სახელმწიფოს - იბერიის შემადგენლობაში.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 11:34