გავსწორდეთ, ბედო! Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 11:14
ეჰ! ჩემო ბედო! ჩემ სიცოცხლეში

სულ შენს ნებაზედ მითამაშნია;

მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში,

ტკბილ ოცნებებზედ გინავარდნია.

სისხლისა ცრემლით დამწვი თვალები,

გულზედ მატყვია შენი ბრჭყალები.

გეყო!.. მოვიდა დრო ანგარიშის,

მოდი, გავსწორდეთ, ნუ მემალები,

წარვიდნენ დღენი შენის უფლების,

დროა დავსცვალოთ ჩვენ ადგილები...

შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,

ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,

ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,

მე დავუკრავ და - შენ კი იხტუნე.


1859 წ.