მითხარით, რისთვის ჩემ თავთანა მსურს Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 10:59
მითხარით, რისთვის ჩემ თავთანა მსურს

უფრო და უფრო დავრჩე ხშირ-ხშირად?

რისთვის ვღალატობ კრებას მხიარულს,

მის შორის ვლაღობ ძვირად და ძვირად?


მითხარით, რისთვის მე ვეძებ გულით

განმარტოებულს უხმო მაღნარსა?

და გრძნობით ტკბილად მინაზებულით

ვეტრფი და ვეტრფი სულ ერთს ვარსკვლავსა?


რისთვის მივრბივარ, სადაც მცინარი

მხიარულად სჩქეფს წყარო მდინარი?

სადაც ველია ნაზი და მტკბარი,

სად სიყვარული ისე ცხად არი?


მისთვის, რომ იქ ჰფრენს ხშირად ბულბული,

სიყვარულითა აღტაცებული,

იქ შეყვარებულს ჩემ წამხდარსა გულს

ვასწავლი მისგან წმინდა სიყვარულს.


1858 წ.