ჩიტი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 02:01
ვგალობ და ვგალობ

და იმით ვხარობ,

რომ მე ქვეყანას

გალობით ვატკბობ.


ჩემია წერა:

მღერა და მღერა,

ლხენა, გალობა

თავისუფლება.


ღვთით მოცემული

დიდ არს ქვეყანა,

გახარებული

ვფრინავ ყველგანა.


სადაც კი მინდა,-

გადავფრინდები,

ნიჭი მაქვს წმინდა,

საფრენად ფრთები.


ლურჯსა ჰაერში

ჩავიღუპები,

ფოთლიან ტყეში

დავიბუდები.


ღამეს ვატარებ

ხეზედა ძილით,

დილას ვახარებ

გალობით ტკბილით.


და რა მზე მალვით

თავს შორს ამოჰყოფს,

მის სხივი კრძალვით

ფოთლებს ააშრობს,-


გავიშლი ფრთებსა

გავიჭიმები,

გავიწვდი ფეხსა,

გავიზმორები.


ჯერ შევხედავ ცას

ქვეყნის დამბადავს,

მერეთ მთა და ბარს,

ჩემსა შემნახავს;


მერეთ ჩემს ფრთებსა,

ჩემ საყვარლებსა...

მათის იმედით,

მღერით და ლხენით


მსწრაფლ ისარივით

ცას აღვფრინდები

და შორს ქარივით

თვალ-წინ გავქრები.


მინამ ვარ უფლად

ჩემის თავისა,

მხიარულ სტუმრად

ვარ მაისისა,-


და როს ცდუნებით,

ძალდატანებით,

გალიას ჩამსმენ,

მშვიდობით, ველო,

მაშინ აღარ გსტვენ,

საწყალობელო!


დაღონებული,

ფრთებდაშვებული

დავიწყებ ჭკნობას,

სიკვდილის ხმობას..


და, ველო, შენსა

გამღვიძებელსა

შენს ჩიტს პატარას

მალე ნახავ მკვდარს.


რაი სურს კაცსა,

რომ მიბამს ფრთასა?

თავისუფლება

ჩიტის ჰშურდება?!


1858 წ.