ხმა სამარიდამ Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 01:49
I

სამართალს ფულითა ვსჭრიდი,

გროშისთვის კაცს გავყიდიდდი

თვთ ძმას ორმოს გავუთხრიდი

და ჩემს ჯიბეს ნელ-ნელ ვზრდიდი;

საზრდოს გლეხსა წავართმევდი,

მშიერს, მწყურვალს დავაგდებდი,

თუ შიმშილით მოკვდებოდა,

მე ის არ დამნანდებოდა.

რაც კი რან ჰქონდა საწყალსა,

ჩემს ჯიბეს აძლევდა ხარჯსა;

ჩემი ჯიბე ვტენე, ვტენე,

ისე მოვკვდი, ვერ გავტენე.


II

ობლის ვედრება, ტირილი

ჩემთვის იყო გაუგებრად,

განა ვიყავ მე გულჩვილი?

სხვის ტირილი მიჩნდა მღერად.

წვრილ-შვილნი გლეხთა ქვრივებსა

შიმშილით ეხოცებოდნენ,-

მათაც კი ვსთხოვდი ფულებსა,

როს საქმისთვის მოვიდოდნენ.

ირჩობოდა, კაცს ვხედავდი,

მე შემეძლო მის მორჩენა,-

მის მორჩენას გავბედავდი,

თუ მესმოდა ვერცხლის ბზენა.


III

თუ არა და ხელსა ვკრავდი

და მას წყალში მე ჩავკლავდი,

ბევრსა საქმეს ამის მსგავსსა

მე ვიქმოდი მეტად კარგსა.

სიცოცხლეს კარგად ვიცნობდი

და იმ ცნობით ვსარგებლობდი:

დროზედ სიბრმავე ვიცოდი,

დროზედ თვალის ახილება,

დროზედ სიფიცხით ვიწოდი,

ხანაც ვიცოდი დაზანტება.


IV

გლეხებთან ვიყავ ჭკვიანი,

ტუტუცი ნაჩალნიკთანა;

უხმოსთნა ვიყავ ხმიანი

და უსიტყვო ხმიანთანა.

ვინც მე შიშით მიყურებდა-

მას ბრაგა-ბრუგს დავუწყებდი,

და ვინც კი დამიყვირებდა-

მას მე ფეხ-ქვეშ ვუძვრებოდი.

ღმერთმან მომცა მარდი ხელი,

დაუღლელი თავის – დღეში,

მუნით ცურდებოდა ჭრელი

ჩემ გაუმაძღარ ჯიბეში.


V

სულ ჯიბისთვინა ვცდილობდი,

მისთვის კაცსა ტყავს ვაძრობდი:

ეს წყეული ვტენე, ვტენე,

აჰა, მოვკვდი, ვერ გავტენე...

რაღა გითხრათ? ვიყავ კარგი,

ქვეყნისათვის დიდი მარგი.

არც ვიყავ დიდი დიდი, არც მცირე,

ჩემს დღეში ცრუადა ვსწირე;

არც ვიყავ გლეხი, არც ბეგი,

მაშ, რა ვიყავ? მდივანბეგი!

და აწ, მეხი გლეხებისა,

ერთგული ყმა ფულებისა,

მტვრადა ვდევარ სამარესა,

მოდი, ენდე ცრუ სოფელსა!..

შეიბრალეთ ჩემი გვამი!..

თუ ოდესმე ვინმე მნახეთ,

საიქიოს თუა ქრთამი,

გამახარეთ, ჩამომძახეთ.


27 დეკემბერი, 1857 წ.

პეტერბურგი