«ევროპის წვრილ სახელმწიფოთა საომარი მზადება» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 03 აპრილი 2009 23:15

ტფილისი, 23 იანვარი

ბოლგარიის საქმემ დღეს თავისი პირველ-ხარისხოვნება დაკარგა ევროპიის პოლიტიკის სარ-ბიელზედ. მის მაგიერ ფეხზედ წამოდგა საზარო ლანდსა და აჩრდილსავით საფრანგეთისა და გერმანიის ერთმანეთთან გამკლავების მოლოდინი. დღეს მთელი ჟურნალ-გაზეთობა ამაზეა მოცლილი, დიდი და პატარა სულ ამაზედ ჰლაპარაკობს და ჰთრთის ხვალინდელი დღისათვის. გერმანიის გაზეთებს რომ დაუჯეროს კაცმა, თავიდათავი მიზეზი საშინელის ამ ამრეზილობისა, რომელიცა ჰსუფევს საფრანგეთისა და გერმანიის შუა, საფრანგეთის სამხედრო მინისტრი გენერალი ბულანჟეა და ამისი დაუცხრომელი გარჯა და შრომა საფრანგეთის ჯარის განკარგებისა და რიგიან ფეხზედ დაყენებისათვის. ზოგიერთი გაზეთი ამ გარემოებას ისე აზვიადებს, რომ ამბობს: საფრანგეთმა ან ბულანჟე უნდა დაითხოვოს სამსახურიდამ ან ომი გამოუცხადოს გერმანიასო, სხვა არა სახსარი არ არის, რომ ევროპა დასცხრეს და დაწყნარდესო. ჩვენ დღეს ამაზედ ლაპარაკს თავს დავანებებთ და ყურადღებას მკითხველისას მივაქცევთ სულ სხვა გარემოებაზედ, რომელიც მრავალმნიშვნელოვანია და ძალიანაც ანგარიშში მისაღები.

ჩვენ გუშინაცა ვსთქვით, რომ დიდთა მაყურებელნი წვრილნი სახელმწიფონიცა დიდს მზადებაში არიან. უფრო შენიშნულია, რომ ბელგია, დანია და შვეცია-ნორვეგია, რაც ძალი და ღონე შესწევთ, ჰცდილობენ თავისი ჯარები გააწყონ და გააძლიერონ. განზრახვა ბელგიისა თუმცა ზედმიწევნით არავინ იცის, მაგრამ თვალად ეს მაინცა სჩანს, რომ თუ ვინიცობაა ორს მათს მეზობელს, საფრანგეთს და გერმანიას ომი აუტყდათ, ბელგიას არ უნდა გადელახვინოს. სიტყვით ამას ამბობს ბელგიის მთავრობა და გულში რა აქვს, ძნელი გამოსაცნობია. პატარა დანია თავის გულის ნადებს არა ჰმალავს და პირდაპირ გულახდილად ჰლაპარაკობს. მისმა სამხედრო მინისტრმა გენერალმა ბანსონმა არც გახია, არც გაფხრიწა და მოურიდებლად სთქვა: ჩვენის ქვეყნის ერთი ნაწილი, ერთი ნაწილი ჩვენის სისხლისა და ხორცის ერისა პრუსიის უღელქვეშ ჰკვნესისო. აშკარაა, დანიის მზადება რას მოასწავებს და საკვირველი ეს არის, რომ უღონო, პაწია დანია არ ჰშიშობს ამის თქმასა და არ უფრთხის წყრომას ძლიერის პრუსიისას. გერმანიის გაზეთები ამ ხმებზედ სწორედ ყალხზედ შესდგნენ: როგორ თუ დანია გერმანიას მტრობას უბედავსო. რა თქმა უნდა, დანია მარტოკა შინიდამ ფეხსაც არ გამოსდგამს ყოვლად ძლიერი გერმანიის წინააღმდეგ. სჩანს, დანიას იმისი იმედი აქვს, რომ ვინიცობაა საფრანგეთი გერმანიას საქმეს გაუჭირებს, მაშინ დანიაც ეცდება ჯავრი იყაროს გერმანიაზედ და წართმეული გერ-მანიისაგან შლეზვიგ-გოლშტეინი როგორმე ისევ ხელთ იგდოს და დაიბრუნოს. რაც უნდა იყოს, თუმცა დანია ცალკედ საშიშარი არ არის გერმანიისათვის, მაგრამ თუ გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს დაეჯახნენ, გერმანიამ ერთი 40000 კაცი მაინც უნდა მოაცდინოს დანიის გასაძღოლად. ეს გერმანიისათვის დიდს ანგარიშს შეადგენს დიდის ომის დროს. ერთი სიტყვით, დანიასაც მიზეზი აქვს მზადებისა და თოფ-იარაღის ასხმისა. ამოცანად მარტო შვეცია _ ნორვეგიაა. ეს დიდის ხნიდამ მშვიდობიანად მყოფი ქვეყანა რამ აამღვრია და რამ აიძულა საომრად მზადებისათვის? ჯერ შარშანვე, ვიდრე ბოლგარიის საქმე გამწვავდებოდა, შვეცია მზადებას შეუდგა და დღესაც იმავე საქმეზეა გადაგებული. ეს ამბავი, რასაკვირველია, შეუტყობრად არ დარჩა ევროპასა. ხოლო ქვეყანასს უკვირს, რომ შვეციის მეფემ ოსკარმა ეხლახან პარლამენტში თავისი სეფე-სიტყვა წარმოსთქვა და სრულებით ხმა არ ამოიღო არც იმაზედ თუ - რას მოასწავებს ეგ დაუცხრომელი მზადება, არც იმაზედ თუ, – რა გულით, რა გუნებით არის შვეცია-ნორვეგია საგარეო პოლიტიკისა გამო. ამ ხმაამოუღებლობამ, ამ გაჩუმებამ უფრო ძლიერ ააცქვეტინა ყურები დიპლომატიასა. რადა და რისთვისაო? ჰკითხულობს ცნობისმოყვარე გულსწრაფობა ადამიანისა. მათა და მისთვისაო, იძახის მეტიჩრობა გულთმისნობისა... ეს ამისთანა პასუხი, თუ გნებავთ არც არაფერსა ჰნიშნავს და, თუ გნებავთ, ბევრს რასმესაცა.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:14