«საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობის გამწვავება» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2009 23:23

ტფილისი, 22 იანვარი

ამ უკანასკნელი დღეების გაზეთებს რომ ყური უგდოს კაცმა, ევროპაში ომის სუნი ჰტრიალებს და ზოგნი იქამდინაც კი მიდიან, რომ გადაწყვეტილად და გადაჭრით ამბობენ, ამ გაზაფხულზე ევროპა თავის ბედს არ გადურჩება უომრადაო. მართლადაც, საიდაც გინდა მიიხედოთ, ყველგან გაძლიერებული მზადებაა. პატარა სახელმწიფონიც კი, რომელთაც უღონობის გამო სიხარბე არა აქვთ ვისმე რა წაართვან, ვისმე პირიდამ ლუკმა გამოჰგლიჯონ, ისინიც იჭირებენ საქმეს და თოფ-იარაღქვეშ სდგებიან. შვეიცარია, ბელგია, დანია, შვეცია-ნორვეგია და სხვა ამისთანანი დღედაღამ იმის მეცადინეობაში არიან, რომ წინად-ნაგრძნობმა განსაცდელმა მოუმზადებლად არ მოასწროს და ამოდენა ხნის მშვიდობიანი და კეთილი ცხოვრება – სულ ერთმა წუთმა არ ამოაშხამოს. ამ შემთხვევაში ზრუნვა და ცდა ამ წვრილთა სახელმწიფოთა მარტო იმაზეა მიქცეული, რომ ძლიერთა შორის თვითონ როგორმე არ გაიჭყლიტონ. მაშსადამე, აქედან შიში და განსაცდელი მოსალოდნელი არ არის, რადგანაც ეს წვრილნი სახელმწიფონი ფარს იმზადებენ მოსაგერებლად და არა ხმალს სატევრად.

საფრანგეთი და გერმანია ორად ორი სახელმწიფონი არიან, რომელთ შორისაც მეტად გამწვავებულია საქმე და, თუ გარემოება ხელს შეუწყობს, არც ერთი არ მოერიდება ერთმანეთთან გამკლავებას. თავმომწონე საფრანგეთი არ ივიწყებს თავის დამარცხებას გერმანიისაგან და ჩამორთმეულის ქვეყნების უკან დაბრუნების იმედს არ იშორებს გულიდამ და გერმანია მეტად თავგამომეტებით უფრთხის, რომ გამარჯვებისაგან მოპოებული და დიდი მსხვერპლით შეძენილი ერთობა გერმანიისა და უპირატესობა ევროპაში ხელიდამ არ გამოეცალოს. ეს ორი სახელმწიფო კარგა ხანია ერთმანეთს მტრულის თვალით უყურებს და თვითვეული მათგანი მარტო თვისდა სახეირო გარემოებას ელის, რომ ეცეს და თან გაიტანოს მეორე.

ეს მეშვიდმეტე წელიწადია მას აქედ, რაც საფრანგეთი დაამარცხა გერმანიამ და იმ დღიდან მოყოლებული აქამომდე არც საფრანგეთს, არც გერმა-ნიას ხელი არ დაუყენებია, რომ ხელახლად დაჯა-ხებისათვის არ მზადებულიყვნენ. ლაშქართ შინაგანი წყობა და დარაზმვა გინდათ, თუ თოფ-იარაღი, ტყვია-წამალი, ზარბაზანი და სხვა მრავალი კაცთა მმუსრავი მანქანა, _ ყოველს ამაზედ აუარებელი შრომა და ფულია დახარჯული ორისავე მხრით. დღე მიდის და ყოველივე ეს ურთიერთის მიხედვით ჰმატულობს და ჰმატულობს ასე, რომ ჰარაქათი და ილაჯი გაუწყდათ, ნამეტნავად გერმანიის ერსა, რომელიც გაცილებით ღარიბია საფრანგეთის ერზედ. აი, დღესაც გერმანიის მთავრობამ შვიდის წლით მოსთხოვა გერმანიის საიმპერიო პარლამენტს ფული 41.000 ჯარისკაცის მომატებისათვის და საბუთად ის წარუდგინა, რომ გერმანიის ძლიერებას ჯერ კიდევ ბევრი განსაცდელი მოელის დასავლეთიდამ და აღმოსავლეთიდამაო, და მზად უნდა ვიყვნეთო. პარლამენტმა არ შეიმწყნარა ეს საბუთი და თუმცა დაჰყვა 41.000 ჯარისკაცის მომატებაზე, მაგრამ დაუმატა, რომ ამის ნებას სამის წლის ვადით მოგცემთო. თამამმა და ყოველთვის კადნიერმა ბისმარკმა აიღო და პარლამენტი დაშალა და ახალი არჩევანი დანიშნა. დღეს გაცხარებული ბრძოლაა ატეხილი ამ არჩევანის გამო გერმანიაში მთავრობისა და პარლამენტის მომხრეთა შორის. არვინ იცის, ვინ გაიმარჯვებს ამ ახალ არჩევანში, ამას კი ყველანი გულდაჯერებით ამტკიცებენ, რომ თუ ვინიცობაა პარალამენტის მომხრენი გაიმარჯვებენ, ბისმარკი არც ამას შეუდრკება და ასე თუ ისე უპარლამენტოდაც თავისას გაიყვანსო.

ამ გარემოებას კაცი რომ კარგად დაუკვირდეს, ჰნახავს, რომ აქ სხვა ამბავია. აქ მარტო იმაზედ კი არ არის ლაპარაკი, რომ ფული და სამატი ჯარი მიეცეს შვიდისა თუ სამის წლით ბისმარკსა. აქ უფრო მწვავი საგანია დაყენებული გერმანიის ერის წინაშე: პარლამენტი გერმანიისა დიდი ხანია ებრძვის ბისმარ-კის თვითნებობასა. ბისმარკი დიდი ხანია ჰცდილობს პარლამენტს გადამწყვეტი ხმა შეუხუთოს და შეურჩინოს მარტო ხმა რჩევისა. ამას პარლამენტი ჰთაკილობს და იბრძვის თვითარსებობისათვის. ეს ამბავი მარტო დღევანდელი ამბავი არ არის. დიდი ხანია საიმპერიო პარლამენტი ჰგრძნობს, რომ იგი ბისმარკს უნდა მრჩეველად იყოლიოს მხოლოდ და არა საქმეთა გადამწყვეტელად და გამგებელად. დღეს აქა-მომდე ეგრედწოდებული პასუხისმგებლობა სამი-ნისტროსი გერმანიაში არ არის, თუმცა პარლამენტი კი დიდი ხანია. ამიტომაც ერთი მაგალითი არა ყოფილა, რომ პარლამენტის მიერ დაწუნებულმა მოქმედებამ მინისტრისა იძულებულ ჰყოს, მინისტრი სამსახურიდამ გადასდგეს, როგორც ეს ხშირია ხოლმე საფრანგეთსა, ინგლისში და სხვაგანაც ბევრგან, საცა პარლამენტი თვის კუთვნილს ძალაშია.

დღეს ბრძოლა დასთა შორის გერმანიაში სწორედ ამ საგანზედ ჰტრიალებს. ჯარის მომატების კანონი მარტო მიზეზია. პარლამენტის მომხრეთა დასმა ამ მიზეზს ჩაავლო ხელი და ჰსურს, რომ პარლამენტს თავისი კუთვნილი ძალა და ხმა მოუპოვოს. აი დღეს სწორედ ეს ბურთია გაგდებული არჩევანის მოედანზედ გერმანიაში და ვინ გაიტანს ამ ბურთს, დრო გამოაჩენს.

12-ს იანვარს ბისმარკმა პირდაპირ უსაყვედურა საიმპერიო პარლამენტს, როცა პრუსიის სეიმში თავი იმართლა საიმპერიო პარლამენტის დაშლისა გამო და ამ საყვედურში ისმოდა, რომ პარლამენტი ხელს მიშლის გერმანიის ერთობა, სახელი და უპირატესობა ევროპაში მტკიცე საფუველზედ დავაყენოვო. აი, სადა სცემს ბისმარკი, _ და მისნი მოპირდაპირენი ჭკვაგა-დალაყებულნი ხომ არ არიან, რომ ვერ გაიგონ რა მოასწავებს რასა! ამგვარად შინ აშლილი საქმე გერმანიისათვის სახუმარო არ არის. მართალია, ბევრი მაგალითები გვინახავს, რომ ამგვარებს ბისმარკი ყოველთვის გულდაგულ დახვედრია და მაინც თავისი გაუყვანია. 1864 წელს, როცა შლეზვიგ-გოლშტეინის გამო პრუსია დანიას ეომებოდა, იმავე დასს დანიის მხარე ეჭირა; 1866 წ. იგივე დასი ეწინააღმდეგა ავსტრიასთან ომსა, ამ ომის შემდეგ ჩრდილო გერმანიის პარლამენტის წინააღმდეგი იყო და 1869 წელსა, როცა პრუსიას ხვითქით ოფლი სდიოდა და საფრანგეთთან ომის ასატეხად ემზადებოდა, იგივე დასი ჰთხოულობდა თოფ-იარაღის აყრასა და ჯარების შეცოტავებასა, - მაგრამ ბისმარკმა ყურიც არ შეიბერ-ტყა. დანიასაც ლაზათიანად ჩამოართვა შლეზვიგ-გოლშტეინი, ავსტრიაც კარგად მიამტვრია, საფრანგ-ეთიც მიჰბერტყა და დღეს ისევ ის ბისმარკია, მხოლოდ უფრო სახელოვანი, უფრო დიდებული. მაგრამ ნათქვამია, კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, ერთხელაც იქნება, გატყდებაო.

ამბობენ, დღეს ამისი შიში შეჰპარვია ბისმარკსა და ვითომც ამიტომ იძულებულია, ხელახლად დაეჯახოს საფრანგეთსა, რომ ეს შინაური ტკივილი დაავი-წყებინოს გერმანიის ერსა და რაკი გარედ გაიმარჯვებს, მაშინ ხომ შინაც გამარჯვებული იქნება და გამარჯვებული. ხმას ვიღა ამოიღებს!... გამარჯვებამ ძალიან თავბრუს დასხმა იცის და პირში ბურთის ჩადება...

ასეა თუ ისე, დღეს ეს კი აშკარაა, რომ გერმანიის გაზეთები კადნიერად და რაღაც შეტევით ჰლაპა-რაკობენ საფრანგეთზედ. საფრანგეთის გაზეთები კი მშვიდობიანის ხმით ურჩევენ საფრანგეთსა და მის ერსა: ნუ აჩქარდებით, წყნარად და მშვიდობიანად იყავითო. ამასობაში გერმანია, როგორც დასავლეთის სამზღვრებს, ისე აღმოსავლეთისას ამაგრებს და ჯარებით აძლიერებს. საფრანგეთის უფრო დიდს ცდასა და ზრუნვაშია და არასფერს არა ჰზოგავს მზად ყოფისათვის. საფრანგეთი და გერმანია დღეს ხომ ესე შეტოტებულნი არიან ერთმანეთზედ, მაგრამ ვინ იცის, მერმისი და ბედი ვის საითკენ მიახედებს.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:13