«საშემოსავლო გადასახადის შემოღება» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2009 23:16

ტფილისი, 21 იანვარი

რუსეთის გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი, ვითომც პეტერბურგში გახშირებული ლაპარაკია საფინანსო სფერაში მასზედ, რომ ამ ახლო ხანებში კანონად დაიდგინება გადასახადი შემოსავალზე. ამბობენ, რომ იმ აუარებელ არაპირდაპირ გადასახადების მაგიერ, რომელიც ამ მოკლე ხანებში დაწესდა და რომელიც მრეწველობას და წარმოებას უფრო ჰხუთავს, ვიდრე ჰრგებს რასმე სახელმწიფო ხაზინასა, დაწესდება გადასახადი შემოსავალზეო /подоходный налогъ/. ამ-ნაირივე გადასახადი დიდი ხანია შემოღებულია ევროპაში და ეხლა რუსეთშიაც შემოაქვთ, როგორცა სჩანს. თავდაპირველად ამ გადასახადის შემოღება უნდა მიეწეროს ყოფილს ფინანსთა მინისტრს ბ-ნს ბუნგეს, რომელმაც დააწესა ასზედ ხუთი მანათი გადასახადი იმ შემოსავლიდამ, რასაც თავნი ფული აძლევს ფულის პატრონსა. ეხლა განუზრახავთ ეგ გადასახადი დაედვას ყველა შემოსავალს, რასაც კი უძრავი და მოძრავი სა-კუთრება აძლევს კაცსა და ამას გარდა საკუთარი შრომაცა. რასაკვირველია, ამასთან განსაზღვრული იქ-ნება რის ნაკლებ არ უნდა იყოს შემოსავალი, რომ გადასახადი იხადოს. შემოსავლის გადასახადს უნდა ექ-ვემდებარონ ყველა ქვეშევრდომნი რუსეთისანი და გარდა ამისა ის უცხო ქვეყნის კაცნიც, რომელთაც ან მოდმივი ცხოვრება აქვთ, ან ერთს წელიწადზედ მეტსა რჩებიან ხოლმე რუსეთის იმპერიაში, და ყველანი, ვისაც უძრავი რამ საკუთრება აქვთ, შემოსავლის მომ-ცემი. განსაზღვრული გარდასახადი გამოერთმევა ორ-გვარად: მთლად და უკლებლივ იმას, ვისაც გარჯა და შრომა შეუძლიან და ამისათვის წლოვანებაა დადებული 18-დამ 55-მდე და იმათ კი ვისაც თვითონ გარჯა და შრომა არ შეუძლიათ და თავის საკუთარ საქმეს ვერ გაუძღვებიან, ის შეღავათი ეძლევათ, რომ გადასახადი დაკლებული გამოერთმევათ. ამ სახით განსაზღვრული შემოსავლის გადასახადი დაკლებულის ზომით გამოერ-თმევათ: 1/ მათ, ვინც სამხედრო ბეგარას იხდის მთელის იმ ხანის განმავალობაში, მინამ ჯარშია; 2/ იმათ, ვინც ჯარში სამსახურის დროს დაჭრილან, ან დაშავებულან და ჩარიცხულნი არიან პირველ სამს ხარისხში დაჭრილებთა შორის; 3/ იმათ, ვინც სწავლაში არიან სასწავლებლებში, ვიდრე 26 წლისად არ შესრულდებიან; 4/ უვადოდ და ვადით დათხოვნილ ჯარისკაცებმა და ყაზახებმა, მინამ დათხოვნილნი არიან, მთლად უნდა იხადონ გადასახადი და როცა მიწვეულ იქმნებიან ჯარში სამსახურისათვის, მაშინ კი ნაკლებად გამოერთმევათ. მთელი წლის გადასახადი ორად განიყოფება, ერთი ნახევარი 1-ს ივლისამდე უნდა იქმნას ხაზინაში შეტანილი და მეორე 1-ს დეკემბერსა. ამ ვადებს ვინც გადააცილებს, დიდი ჯარიმა უნდა გადიხადონ.

აი, უმთავრესნი საფუძველნი, რომელზედაც განუზ-რახავთ ახალის კანონ-პროექტის აშენება და აგება. ეს პროექტი მომზადდება თუ არა, წარედგინება ჯერ უმაღლესს საფინანსო კამისიას და მერე შეტანილ იქმ-ნება სახელმწიფო რჯულდებულების წესის გზითაო. ამავე დროს მზადდება თურმე პროექტი შესახებ ზო-გიერთის წვრილმანის გადასახადის ამოკვეთისა იმ აზრით, რომ წარმატების გზა გაუხსნან და გაუფართოვონ მრეწველობას და წარმოებას რუსეთისას.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:12