«ნავთის საქმე კავკასიაში» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2009 23:10

ტფილისი, 17 იანვარი

I

“რა ქმნას კარგმა მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა”, _ სწორედ ჩვენს ამიერკავკასიაზედ ითქმის. აქეთ-იქით იყურები, სინჯავ და ჰხედავ, რომ მთელი ეს მშვენიერი კუნჭული დედამიწისა, შავისა და თეთრის (კასპიის) ზღვის შუა მდებარე, თითქო საბუდარია, რომელშიაც უანგარო და გულუხვი ბუნება, როგორც კრუხი, ჩამჯდარა, და დაუღალავად, განუწყვეტლივ, შეუფერხებლად სჩეკს ყოველსგვარს სიმდიდრესა. აქ მცხოვრები კაცი კი მაინც ღარიბია და ღარიბი. ეგ კიდევ ცოტა ვსთქვით: ზოგჯერ თვით ეგ სიმდიდრე თავისის აუარებლობით ადამიანის დამამხობელ მიზეზადაც გვიხდება და ამ გზით საბედნიეროდ მიცე-მული სიმდიდრე ბუნებისა ჭირად გადაგვექცევა ხოლმე. აი თუნდ მაგალითად ავიღოთ ნავთი. იმოდენა ნავთი, რაც დღეს ბაქოში ამოდის და ღვთის წყალობით კიდევაც ამოვა, თითქმის ზღვას შეჰქმნის, მაგრამ რა გამოვიდა? დაატყო რამ ამ სიმდიდრემ აქაურობას? პირიქით, რამოდენა ქონება ჩანთქა ამ სიმდიდრის ვეშაპმა და რამოდენა კაცი შეძლებული და ქონებიანი თან ჩაიტანა და მიწასთან გაასწორა.

მთელს ქვეყანაზე ყველაზედ გამოჩენილი ადგილები ნავთისა სულ ორია: ერთი ამერიკა და მეორე ჩვენი კავკასია. კავკასიაში ბევრს ადგილას ამოდის ნავთი, მაგრამ იმოდენა კი, რაც ბაქოში, არსად არ არის. ნავთი ამოდის ამიერკავკასიაში შემახიისა და ტფილისის ახლო, კახეთში მთელი ტბებია ზოგან, მაგალითებრ, ზემო ხოდაშენში ბ-ნ საგინოვების მამულში, თუქურმიშაში და ბევრგან სხვაგან. მართალია, რომ ჩვენში ნავთი ბევრგან არის, მაგრამ ნავთის მრეწველობამ ფეხი მოიკიდა მარტო ბაქოში. ამის მიზეზი ის არის, რომ იქ ნავთი აუარებელია, დიდი თხრა და ვაი-ვაგლახი არ უნდა იმის ამოღებას, ასე რომ შავის ნავთის ამოღება ფუთი 11/2 _ 3 კაპიკამდე უჯდება ამომღებსა. სხვა ადგილებში კი ბევრს ეცადნენ, მაგრამ ფუთის ნავთის ამოღება ორ და სამ შაურ ნაკლებ ვერ დაისვეს. რა თქმა უნდა, რომ ეს ამისთანა გარემოება არაფერს ხეირს არ მოასწავებდა მშრომელისათვის და ამიტომაც შემახიაში, ტფილისის გარეშემოში, კახეთში და სხვა ამისთანა ადგილებში ნავთის საქმემ თავი ვერ დაიჭირა, ან როგორ დაიჭერდა, როცა ბაქოს ნავთი გაწმენდილი და გადახალისებული, ტფილისსა და შემახიაში მარტო ორიოდე შაურით მეტად ჰღირს, ვიდრე ადგილობრივი გაუწმენდელი და პირდაპირ ამოღებული ნავთი.

ბაქოს ნავთის წყარონი ისე მდიდარნი არიან, რომ მართლა გასაოცარი და იშვიათი ამბავია. მთელს დედამიწის ზურგზედ თავის დღეში არა ყოფილა ასეთი ულეველი და მეტისმეტად მდიდარი აუზი ნავთისა. საკვირველი ის არის, რომ ზღვა ნავთი ამოდის ყოველ ცისამარა დღეს და ნავთი არამცთუ კლებულობს, დღითიდღე მატულობს კიდეც მაშინ, როდესაც სხვაგან, მაგალითებრ, ამერიკაში, კლებულობს. რო ცოტა მაინც შევატყობინოთ მკითხველს, რა დიდძალი სიმდიდრეა ნავთისა ბაქოში, საკმაოა მარტო ციფრები ვალა-პარაკოთ. ყველგან ამერიკაა ცნობილი ერთ იმისთანა ქვეყნად, საცა მრავალი და მდიდარი ადგილებია ნავთისა და საცა ნავთის მრეწველობა დიდი ხანია ფეხმოკიდებულია და ფეხგამაგრებული. აი ბაქოს ნავთის მეტნაკლებობა რომ ამ ამერიკის ნავთის მეტნაკლებობას პირისპირ დავუყენოთ, მაშინ ციფრები თავის უტყუარს განაჩენს იტყვიან.

ყოველდღე ბაქოში ამოდის 500.000 ფუთი შავი ნავთი. ეს ნავთი ამოდის 160-ის ჭიდამ. ამ ჭეებს უჭირავს სულ ოთხი ოთხკუთხი ვერსტი. ამდენივე ნავთი ამოდის ამერიკაში ყოველდღე. ხოლო იქ მოქმედობს 24.000 ჭა, და ადგილი, საცა ეს ჭეები მუშაობენ _ სიგრძით 200 ვერსტია და სიგანით 40-I, ანუ 8000 ოთხკუთხი ვერსტი. გარდა ამისა შემჩნეულია, რომ ამერიკაში ყოველ ექვსს წელიწადში ჭა ნავთისა ჰშრება და ამის გამო ყოველს ექვს წელიწადზედ ნავთის მრეწველნი იძულებულ არიან გადინაცვლონ ხოლმე ფეხი და ახლა სხვაგან სთხარონ და ეძიონ ნავთი. ამ უკანასკნელ დროში ამერიკელთ ორჯელ გადუნაცვლიათ ფეხი, სხვა ადგილებზედ გადასულან, რადგანაც პირვანდელ ადგილებზედ ნავთი დამშრალა. ბაქოში კი ამ ათის წლის განმავლობაში არამც თუ უკლია ნავთსა, არამედ ერთიორად უმატნია. მაგალითებრ, 1880 წელა ბაქოში 35 მილლიონი ფუთი ნავტი ამოუღიათ, 1885 წ. _ 115 მილლიონი და წარსულს 1886 წელს _ 170 მილლიონი. აქამომდე სულ ამოუღიათ ნავთი 600 მილლიონი ფუთი. სულ 800 დღიური მიწა კია ის ადგილი, რომელიც ამ უზარმაზარს რიცხვს ნავთს იძლევა, ასე რომ თითო დღიურს უძლევია თითქმის ¾ მილლიონი ფუთი. მეცნიერნი, რომელთაც ამ ორ სხვადასხვანაირს გარემოებას ნავთის წყაროებისას ყურადღება მიაქციეს, ამბობენ, რომ აქ შინაგანი მიზეზი მოქმედობსო. ამ შინაგან მიზეზად სთვლიან გეოლოგიურ წყობას მიწისას ბაქოსას და ამერიკისას. ამბობენ, რომ ამერიკაში დიდი ხანია მიწისქვეშ ნავთი კეთებულა და გაჩენილაო. იგი ნავთნი, რომელთაგანაც ნავთი კეთდება მიწისქვეშეთის ძალთაგან, ამერიკაში სულ მოილია და აღარ არსებობენო, და ამიტომ, რაც წინა დროთაგან ნავთი კეთებულა და დარჩენილა მიწის ქვეშ, დღეს ამერიკაში მარტო ისღა ამოაქვთ, და რაკი ამოსწურვენ, რასაკვირველია, მას მერმედ ჭა შრებაო. ხოლო იმ გარემოებიდამ, რომ ბაქოში ნავთი დღეს არამცთუ ჰკლებულობს, ჰმატულობს კიდეც, მეცნიერთ ის აზრი გამოჰყვათ, რომ დღეს ბაქოში მიწისქვეშეთნი ნივთიერებანი ნავთის შესადგენად არამცთუ მოს-პობილან, არამედ ჯერ კიდევ ბევრი არისო და დღეს ნავთის მომავლინებელი მიზეზნი ჯერ კიდევ გა-ნუწყვეტლივ მოქმედებენო. ამ სახით გამოდის, რომ ბაქოს ნავთის წყარო ჯერ კიდევ დიდხანს არ დაშრება და არ მოსწყდება თურმე.

ბაქოს ნავთის მრეწველობა არამცთუ ამ მხრით უფრო კარგს გარემოებაში უნდა იყოს და უნდა სჯობნიდეს ამერიკის მრეწველობას, არამედ სხვა მხრითაც. ამერიკაში ნავთისათვის კაცი მეტად ღრმად უნდა ჩავიდეს მიწაში და იქიდამ ამოსწუროს ნავთი. ბაქოში ნავთი ისე ღრმად ჩასვლას არ ითხოვს, რადგანაც დედამიწის ზედაპირზედ ახლოა ნავთი. ეს ერთი. მეორე ისა, რომ ამერიკაში განგებ ამოწურვა უნდა და აქ ბაქოში კი, რაკი ჭას ცოტად თუ ბევრად ამოსთხრიან, ნავთი შადრევანად სცემს და უხარჯოდ და უშრომელად თავისთავად ამოდის. ამ სახით, ამერიკას ერთის ფუთის ნავთის ამოღება ერთი აბაზი უჯდება, ბაქოს კი სამის გროშიდამ ექვს გროშამდე. კაცი ამაების შემნიშვნელი და მნახველი იტყვის: მაშ ბაქოს ნავთის საქმე გაკეთებულა, როგორღა გაუწევს ამერიკის ნავთი ცილობას ბაქოს ნავთს საქვეყნო ბაზარშიო!.. საბუთი და ლოღიკა საბუთისა სწორედ ამას ამბობს და საქმე კი სულ სხვასა, და ეს ბაქოს ნავთის შადრევანებზე არანაკლებ გასაოცარია. როგორც ამერიკისათვის, ისეც ბაქოსათვის თითქმის ერთადერთი ბაზარი ევროპაა, რომელიც ჩვენზედ უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკაზედ, ასე რომ ამ მხრითაც კი ბაქო წინ არის. მაგრამ საოცარი ეს არის, რომ ყოველ მხრით ბუნებისაგან ხელმოუწყობელი ამერიკა ევროპის ბაზარში ყოველწლივ ცხრა მილლიონს ფუთს ნავთს ასაღებს და ბაქო, ყოველ მხრით ბუნებისაგან ხელ-მოწყობილი, მილლიონ-ნახევარსა! მოდი და ნუ გაოცდებით. გაგონილა! ბაქოს ნავთი ბევრი აქვს, ამოღება თითქმის ერთისამად, ხან ერთ თორმეტად ნაკლებ უჯდება, გზაც ახლო აქვს, და ამერიკის ნავთის ცილება კი ვერ აუტანია, როცა ევროპაში გააქვთ.

ნავთი იმოდენაა დღეს ბაქოში და ყოველდღე იმოდენა ამოდის, რომ ლამის წარღვნას მთელი ბაქო, უშველებელი ტბებია ნავთის ჭეების გარეშემო, ადგილიც არა აქვთ სად შეინახონ. გამოხდას და გადაწმენდასაც ვეღარ ასწრობენ და ბაზარი კი ვერ გაუხსნია, ბაზარი კი ვერ შეუქმნია. ამას ვინა სჩივის? ნავთის ადგილების პატრონებს ეს სიმდიდრე თავში საცემად გახდომიათ, რადგანაც არ იციან, რა უყონ, როგორ მოუარონ, სად შეინახონ და როგორ უპატრონონ! ცალკე კაცია აქ ამ უბედურობის მიზეზი, გარემოება კაცთაგანვე შექმნილი, თუ გუნება, _ ეგ თქვენ გამოიცანით. ქვეყანასაც კი სასაცილოდაც არ ეყოფა, რომ ღმერთსაც მოუცია ასეთი ძვირფასი სიმდიდრე და ჩვენ კი ჭირად გადაგვქცევია. მახლას!..


II

ტფილისი, 19 იანვარი

ჩვენ წინა წერილში ნავთზედ ჩამოვაგდეთ ლაპარაკი და ეხლაც ამაზედ გვსურს განვაგრძოთ საუბარი. რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ამ საგანზედ არაფერს ახალს ვერ ვიტყვით, და სრულებითაც გუნებაში არ გაგვიტარებია, ეს საქმე მთელის თავის სიგრძე-სიგანით გამოვიკვლიოთ. ჩვენ ამისათვის არც საჭირო ცოდნა გვაქვს და არც საჭირო ღონე. ჩვენ გვსურს მხოლოდ ზოგიერთს ცნობას ამ საქმის თაობაზედ თავი ერთად მოვუყაროთ და ამ ერთად თავმოყრილ ცნობათაგან ცოტაოდენი ნათელი მოვფინოთ ნავთის საქმესა, რომელზედაც ბევრს უცაბედად ჰლაპარაკობენ.

ყველაზედ წინ შესანიშნავი ბაქოს ნავთის გამო ის არის, რომ თუ ჭა დღეში 1.000 ფუთზედ ნაკლებ ნავთს იძლევა, მექარხნეები ამისთანა ჭას თავს ანებებენ, რადგანაც ხარჯსაც არ აყენებს. გამოან-გარიშებულია, რომ სხვადასხვა ხარჯი ნავთის ამოღებისა, სულ რომ ცოტა ვთქვათ, ფუთზედ 3/4 ¾კაპეიკი მოდის. ესეც იმ შემთხვევაში, თუ 1.000 ფუთს მაინც იძლევა დღეში თითო ჭა. თუ ამაზედ ნაკლები ნავთი ამოდის, ხარჯი კიდევ ის უნდება, რაც ათას ფუთსა, და თუ ამაზედ ნაკლები ნავთი ამოვა, აშკარა ზარალია. ამერიკაში ახლად გათხრილი ჭა იძლევა დღეში 80_200 ფუთამდე ნავთსა და იქ მაინც იმისთანა ჭეებს ამოქმედებენ ისეთის ოსტატობით, რომ არამც თუ ჰზარალობენ, გამორჩომასაც მოელიან. ჩვენში კი ამისთანა ჭეები უნავთო ჭეებად ითვლება და ამისთანა ჭაზედ თავის დღეში არავინ არ მოსცდება. ამ სახით ჭა, რომელიც ამერიკაში სიმდიდრის წყაროდ ითვლება, ჩვენში სიღარიბის მიზეზად შერიცხულია.

რა არის ამის მიზეზი? ყველაზედ უწინარეს ისა, რომ სატეხნიკო ცოდნა არა აქვთ აქაურს მენავთეებს. ამ უცოდინარობის ბრალია, რომ ჭიდამ ამოღებულ შავ ნავთს ჰხდიან და გადაწმინდავენ ხოლმე მარტო სანთებლად ხმარებისათვის, და რაც ამ გამოხდას და გაწმენდას გადარჩება, იმის გამოყენება არ იციან ჩვენმა მექარხნეებმა. თვითონ ამ გამოხდაშიაც ათში მარტო სამს ფუთს სანთებელს ნავთს ძლივს აყენებენ, დანარჩენი შვიდი ფუთი კი გადასაყრელად უხდებათ. სახელგანთქმული ქიმიკოსი მენდელეევი კი ამბობს, რომ თუ მექარხნეებს კარგი ცოდნა ექნებათ, ათს ფუთ შავ ნავთიდამ არამცთუ მარტო სამი ფუთი სანათებელი გამოვა, არამედ რვაო. თუნდაც ამოდენა წმინდა ნავთის გამოხდა არ იყოს შესაძლებელი, მაინც კიდევ ნავთის გამონახადი, რომელიც უცოდინარობით ტყუილუბრალოდ ჰფუჭდება და გადიყრება ხოლმე, მრავალგვარად გამოსაყენია და გამოსარჩომი, თუ კაცს ცოდნა და ხერხი ექმნება. საქმე იმაშია, რომ შავი ნავთი მარტო იმითი კი არ არის სახეირო და გამოსარჩომი, რომ სანათებელ ნავთად გადიწმინდება ხოლმე, არამედ იმიტომაც, რომ დანარჩენ გამონახადიდამ შეიძლება კიდევ ბევრი სხვა რამ საბაზრო ნივთიც გამოიხადოს, მეტად კაი ფასად გასასაღებელი. მაგალითებრ, წასასმელი ზეთი (смазочныя масла), ბენზინი, ვაზელინი, ერთგვარი სუნნელოვანი ზეთი, რომელსაც “ароматический углеводород”- ჰქვიან და სხვანი. თითეულს ამას კაი გასავალი აქვს ევროპის ბაზარში და კაი ფასიცა. ყოველივე ეს ბაქოში მეტად ცოტა კეთდება დღეს, ჯერ, რასაკვირველია, იმიტომ, რომ მექარხნეებმა ამისი ხელი ან სულ არ იციან, ან ძალიან ცოტა იციან, და მეორე იმიტომ, რომ აქაც გადასატანს ღონეს მოკლებულნი არიან.

ეხლა აშკარაა ჩვენის მკითხველისათვის, რად არის ისე, რომ ჭა დღეში 80_200 ფუთამდე ნავთის მომცემი ამერიკაში სიმდიდრედ ითვლება და ჩვენში კი კაცი ახლოს არ უდგება. ამერიკაში ყოვლის ოსტატობით და ცოდნით ეკიდებიან ამ საქმეს. გარდა იმისა, რომ ერთისა და იმავე ზომის ნავთისაგან უფრო ბევრი სანათებელი გადაწმენდილი ნავთი გამოყავთ, იმ დანარჩენ გამონახადსაც ბევრს რასმეს ჰრჩებიან, ასე, რომ თითქმის თვითვეული ნაწილი გამონახადისა სხვა რაიმე საფასურს და სასარგებლო ნივთს იძლევა. იქ არა იკარგება რა, ჩვენში ათში შვიდი ფუთი ტყუილუბრალოდ გადასაყრელია; იქ ათს ფუთში რვას მაინც ასე თუU ისე ფასს ამოაღებინებს კაცი და აქ ჩვენში ათში მარტო სამს ფუთსა. მოდი და ამისთანა გარემოებას წინ დაუდექით!..

ბაქომ თუნდაც იმ მრავალგვარობით გამოიყენოს ნავთის გამონახადი, როგორც ამერიკა სჩადის, _ სად გაასაღოს და ან როგორ გაიტანოს საქვეყნო ბაზარში? ჯერ მარტო ეს ვიქონიოთ სახეში, რომ ნავთის გამონახადიდამ გაკეთებულ სხვადასხვა ნივთიერებასა თვითონ რუსეთშიაც ვერ გაუხსნია ბაზარი. დღესაც რუსეთში ამერიკიდამ მოტანილს უფრო ჰყიდულობენ, ვიდრე ბაქოდამ. აქამომდე საქმე ისე ვერ მოუწყვიათ, რომ რუსეთმა თვითონვე მოიხმაროს თავისი საკუთარი სიმდიდრე.


III

ტფილისი, 20 იანვარი.

ამ წინაზე ჩვენა ვსთქვით, რომ უთვალავი და აუარებელი ნავთი ამიერკავკასიისა ვერ მოგვიხმარია და ლამის ეგ, ჯერ-ხანად დაუშრობელი წყარო სიმდიდ-რისა, თავში საცემლად გაგვიხდესო. უმთავრესი მიზეზი ამ მოუხმარებლობისა ის არის, რომ ნავთის ბაზარში გასატანი სახსარი არა აქვთ. მართალია, ამიერკავკასიის რკინის გზა, რომელიც დღეს მუშაობს ბაქოსა და ბათომს შუა, ეზიდება დღემუდამ ნავთსა, მაგრამ იმოდენა ნავთის გადატანის ძალ-ღონე არა აქვს, რამოდენაც საჭიროა ნავთის სიმრავლის მიხედვითა. ბევრსა ჰლაპარაკობდნენ ვაგონების მომატებაზედ, მაგრამ რაც მომატება შესაძლო იყო, მოუმატეს, და ეხლა თუნდა კიდევაც მოუმატონ, ვერას გახდებიან, იმიტომ რომ მატარებლები საათში ერთხელ დაიარებიან და ამაზედ ხშირად სიარული შეუძლებელია. როცა ამაზედ გული დააჯერეს რკინის გზა გამგებელთა და ნავთის მწარმოებელთა, მაშინ დააპირეს მეორე ლიანდაგის დაგება, რომ ნავთის საზიდავმა ვაგონებმა ორის გზით იარონ. უფრო მდიდართ ნავთის მწარმოებელთ აზრი მოუვიდათ, რკინის გზას თავი დაანებონ და მილები დააწყონ ბაქოდამ ბათომამდე და მილით ატარონ ნავთი. მეორე ლიანდაგის დაგებაზედ ლაპარაკი ამ ბოლოს დროს სრულიად შესწყდა, მილებით ნავთის გაყვანაზედ კი დღესაც ბევრი ლაპარაკია.

ფიქრადა აქვთ, მითამ შავი ნავთი გაიყვანონ მილითა იმ ზომით, რომ წელიწადში 50 მილლიონი ფუთი გავიდეს ბაქოდამ ბათუმში. ამ ბოლოს ხანებში ისიც ისმის, რომ ეგ მილები სამტრედიის სადგურთან უნდა გაორტოტდეს, ერთი ტოტი წავიდეს ფოთზედ და მეორე ბათომზედ, პროფესსორ მენდელევის ანგარიშით ერთი ფუთი შავი ნავთი მილით გაყვანილი ბაქოდამ ბათომში დაჯდება არა უმეტეს 10_11 კაპეიკისა. ერთი უცნობი ავტორი ”Биржевыя Ведомости”-ში ამტკიცებს, რომ ფუთის ნავთის გადატანა ბაქოდამ ბათომში ცხრა კაპეიკზე მეტი არ დაჯდებაო. ამ სახით გამოდის, რომ ფუთი ნავთი თავის საფასურით და ხარჯით 12_15 კაპეიკამდე დაჯდება ბათომში. რადგანაც იგივე ნავთი ამერიკას 20 კაპეიკად უჯდება და ამასთანავე ბათომში ჩატანილი ნავთი ევროპის ბაზარზედ უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკისა, ამიტომ, ბ-ნ მენდელეევის აზრით, ბაქოს ნავთს შეუძლიან ცილობა გაუწიოს ამერიკის ნავთსა და ამით ასწიოს და განაძლიეროს ჩვენი ცოცხალ-მკვდარი მრეწველობა ნავთისა. რასაკვირველია, ამ აზრის ასასრულებლად საჭიროა ბათომში გაიმართოს შავის ნავთის სახდელი და გასაწმენდელი ქარხნები, თორემ შავის ნავთის მუშტრის შოვნა ძნელია. ამასვე ჰფიქრობენ მილით ნავთის გატანის მომხრენი. ჩვენ ამაზედ ცალკე გვექნება საუბარი. ეხლა კი ამას ვიტყვით, რომ მილით ნავთის გატანის საქმე ხაზინამ თავის ხელიდამ არ უნდა გაუშვასო, _ ამბობენ მილის მომხრენი, _ თვითონ მილებიც ხაზინამ თავისის ხარჯით უნდა დააწყოსო, თორემ თუ ცალკე კაცს მიეცა ამის ნება, უსათუოდ მონოპოლიას გამოიწვევს და ეს მონოპოლია ბევრს ნავთის მექარხნეებს ბოლოს მოუღებსო.

გამოანგარიშებულია, რომ ნავთის გასაყვანად მილების დაწყობა და ერთობ ამისი ხარჯი 25 მილლიონს მანათს ფულს დაიჭერსო. ძნელად გასაბედია ხაზინისათვის ეხლანდელს გაჭირვებულს დროში ამოდენა ფული ამ საქმეს მოახმაროს და აქ დააბანდოს. გარდა ამის, ერთი რამეც არის საფიქრებელი: მართალია ბაქოში ძლიერ ბევრი ნავთია და ჯერ არამცთუ დაშრობის, მომატების ნიშნებია, მაგრამ ადვილად საფიქრებელია, რომ ადრე იქნება, თუ გვიან, იქ, საცა ეხლა ნავთი ამოდის, ოდესმე ბოლო უნდა მოეღოს ნავთსა. ამის შიშსა და ფიქრსა მისცემია იმისთანა სპეციალისტი, როგორიც ცნობილი ინჟინერი სოკოლოვსკია. თუ მართლა აუცილებელია, რომ ოდესმე ბაქოს ნავთი კლებაში შევა, ამ მხრით გამოკვლევა საქმისა მეტად საჭიროა წინათვე, ვიდრე მილების დაწყობას შეუდგებიან. თუ ნავთის კლების დროს რკინის გზასთან მილებიც იქმნება, მაშინ ან ერთმა უნდა დაიშალოს ნავთის ზიდვა და მაშასადამე, შემოსავალზედ ხელი აიღოს, ან მეორემ. ორსავე შემთხვევაში ხაზინა იზარალებს.

“Биржевыя Ведомости”-ს ამ წლის #8-ში ზემოხსენებული უცნობი ავტორი ამტკიცებს, რომ მილით ნავთის გაყვანა არავითარს სარგებელს არ მოასწავებსო. იგი ამბობს, რომ, მართალია, ეხლა გადატანა გაწმენდილის ნავთისა ფუთი 16 კაპეიკადა ჰღირსო, მაგრამ შეიძლება ეს ფასი 81/2 კაპეიკზედ ჩამოახდინოს კაცმა და მაინც კიდევ რკინის გზა მოგებაში იქმნებაო. მილით გაყვანილი ნავთი კი და მერე ბათომში გადაწმენდილი 18 კაპეიკად დაჯდება ფუთიო. ამის დასამტკიცებლად აი რა ანგარიში მოჰყავს: შავი ნავთის გადატანა ბათომში მილითა დაჯდება ფუთი 9 კაპეიკად. ორის ფუთის შავის ნავთიდამ გამოიხდება წმინდა ნავთი და სხვა სახმარი და სასარგებლო ზეთები სულ ერთად მარტო ერთი ფუთიო; მაშასადამე ფუთი გადაწმენდილი ნავთი თავის ზეთებით 18 კაპეიკი მოდისო. ესეც მაშინ დაგვიჯდება, როდესაც მილით გავიყვანთ შავს ნავთს ყოველწლივ 50 მილიონ ფუთზედ არანაკლებ. თუ რაიმე მიზეზით ამ რიცხვმა იკლო, მაშინ ის ორი ფუთი შავი ნავთი, რომელიც მარტო ერთს ფუთს წმინდა ნავთს აყენებს თავისის ზეთებით, 18 კაპეიკზედ უფრო ძვირად დაჯდებაო, იმიტომ რომ ხარჯი ერთი და იგივეა ერთს მილიონ ფუთს გამოიყვან მილებში, თუ ორმოცდაათს მილიონსაო. რკინის გზას კი ბევრი ექმნება გადა-სატანი, თუ ცოტა, შეუძლია რვა კაპეიკნახევრად ჰზიდოს ბაქოდან ბათომამდე ნავთი და არა იზარალოს რაო.

ამ სახით, საუბარი და ბაასი დიდია, და ამასობაში არც რკინის გზა ჰფიქრობს ნავთის გადასატანი ფასი 81/2 კაპეიკზედ ჩამოახდინოს და არც მილის დაწყობას შესდგომია ვინმე. მინამ ან ერთისაგან გამოვა წყალობა, ან მეორისაგან, ნავთის მწარმოებელთ სული ეხუთებათ და სიმდიდრის ტბებში მცურავთა ლამის შიმშილისაგან სული ამოუვიდეთ. მოდით და ნუ გაოცდებით!..


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:12