«ბელგიის საომარი მზადება» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2009 23:04

ტფილისი, 16 იანვარი.

1866 წელს, როცა ბისმარკმა დაუპირა ავსტრიას ომი, რათა სრულებით გერმანიაზედ ხელი ააღებინოს და პირი აღმოსავლეთისაკენ აქმნევინოს, მაშინ აქა-იქ ხმები ისმოდა, რომ ბისმარკი ნაპოლეონს დაჰპირ-დაო, ოღონდ შენ ხელს ნუ გამოიღებ, ნუ დამიშლი ავსტრიაზედ გული ვიჯერო და იმ ნაწილს ბელგიისას, რომელიც შენს მხრივ არის, შენს ანაბარად დაგიგდებ, თუნდა გადაყლაპე, თუნდა რაც გინდა, ის უყავიო; ერთის სიტყვით,_ შენც “სუ’’, როცა მე ავსტრიას წეწვას დავუწყებ და მეც “სუ’’, როცა შენ ბელგიას კლანჭს გამოსდებო. რა თქმა უნდა, ბისმარკმა ნაპოლეონი ამით დაითათბირა, ავსტრია მიამტვრია, გერმანიიდამ გამოაძევა და უბრძანა: შენ აქ ხელი არა გაქვს, შენი საქმე აღმოსავლეთიაო და ნაპოლეონს კი შეუთვალა, ბელგიაზედ ნურას უკაცრავოდაო. ეს ხმები მაშინ ჭორად დადიოდა და ამ ჭორს ზოგიერთი საბუთი ჰქონდა. საფრანგეთისათვის ავსტრია დიდი რამ იყო, რადგანაც სცდილობდა მისის მომხრეობის შიშით პრუსია, რომელიც დღედადღე ძლიერდებოდა, თავის ქერქში ემყოფებინა მით უფრო, რომ მაშინ გერმანიაში უპირატესობისათვის ავსტრიას და პრუსიას მუდამ ერთმანეთში ცილი ჰქონდათ და ერთმანეთის ჯიბრი. ვის არ უნდა გაჰკვირებოდა, რომ ნაპოლეონმა ხმა არ ამოიღო და ავსტრია პრუსიას გაათელვინა და ამისათვის არა გამორჩა რა!... აი, იმ ხმების სათავე სად და რაში იყო. თუ იმ ხმებს დავიჯერებთ, ნაპოლეონი III, მაშინ ევროპის თავმომწონე და ძლიერი მბრძანებელი, ამ ჩვენმა ბისმარკმა ყინულზედ გააცურა, თავის წადილი აისრულა და იმას კი თითი გამოუყო. თუ კიდევ იმ ხმებს ავყვებით, - ეს ამბავი ნაპოლეონმა გულში ჩაიხვია და როცა 1870 წელს საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთზედ საომრად აილურსნენ და შეტოტინდნენ, ხმა გაისმა ევროპის ჟურნალ-გაზე-თობაში, რომ თავიდათავი მიზეზი ამათის აშლილობისა ბისმარკისაგან ნაპოლეონის მოტყუება არისო და ნაპოლეონი ჯავრს იყრისო.

რამოდენად მართალია ის ამბავი, რომ საფრანგეთსა და გერმანიას ბელგიაზედ რაღაც ლაპარაკი ჰქონიათ და რაღაც სიხარბით თვალი სჭერიათ, ჩვენ ამის გამოკვლევას ვერ გამოვუდგებით და დღეს არც საჭიროა. ჩვენ მხოლოდ ამას შევნიშნავთ, რომ, როცა გერმანიას და საფრანგეთს მტრობა გაუმწვავდებათ, პატარას და ბედნიერს ბელგიას ჰავო აეშლება ხოლმე. საკვირველიც არ არის, ერთს ლუკმას ბელგიას ცალ მხრით საფრანგეთი მისწოლია და მეორეს მხრით გერმანია და აბა, აქლემები რომ წაიკიდნენ, კოზაკს რა ხეირი დაეყრება. და აი, ბელგია საომარს მზადებაშია და ამის გამო ერთი გაზეთი ამბობს: “მთელის ევროპის გასაოცებლად ეხლანდელის ვაივაგლახის მიზეზად პაწია ბელგია გამოდისო’’. ამის თქმა _ თუ დაცინვა არ არის, მეტისმეტი სითამამეა გაზეთის მიერ, მაგრამ ბელგია ისეთის სისწრაფით და სიჩქარით იჭურვება იარაღითა და საომრად ემზადება, რომ მართლა შესანიშნავია. ბელგიის სამხედრო მინისტრს ამ დღეებში უთქვამს, რომ სწრაფად შეიარაღება აუცილებელი საჭიროება არისო. გამოსულა ბელგიის მეფის ბრძანება, რომ ჯარს მოემატოს კიდევ ორი ახალი რაზმი. შინ დათხოვნილის ზურგის ჯარის აფიცრები მოიწვიეს, რომ ყველამ თავ-თავისი ადგილი დაიჭიროს ჯარში და ამასაც უმატებენ, რომ ამ დღეებში პალატაში შეტანილი იქნება წინადადება, რომ აეკრძალოთ ცხენების გაყვანა ბელგიიდამ და წინადვე აღინიშნოს წესი საომარის ბეგარისა, თუ ვინიცობაა ომი მოხდა. რა თქმა უნდა, აქედ-იქიდამ იკითხავდნენ, - ამ ფაცაფუცის მიზეზი რა არისო და ამაზედ ბელგიის მეფის ლეოპოლდის სამინისტრო პასუხს იძლევა, რომ ჩვენ ფიქრად სხვა არა გვაქვს რა გარდა იმისა, რომ მტრის შემოსევის შიში გვაქვს და იმის დასახვედრად ვემზადებითო; არ გვინდა საქმეთა გარემოებას და განსაცდელს ისე ხელცარიელები დავხვდეთ, როგორც 1870 წელს მოგვივიდა, როცა კინაღამ ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა ხელიდამ არ გამოგვეცალაო.

რა თქმა უნდა, ბელგიამ ასე უნდა ახსნას თავისი დღევანდელი ყოფა და გაცხარებული მზადება. სხვა საბუთიც რომ ჰქონდეს და სხვა გულისნადები, ამის წინასწარ თქმა მიუტევებელი ცდომა იქნება ბელგიის მხრით. ვინ იცის, ბელგიას რის ალღო აუღია და რის ქარი და ზარი ამოქმედებს? ადამიანის სიხარბეს საზღვარი არა აქვს: ვერავინ იტყვის, რომ ცალ-მხრით საფრანგეთს და ცალ-მხრით გერმანიას გემრიელის ლუკმის პირში ჩადება ეზარებოდეთ. მართალია, ბელგიის დამოუკიდებლობის თავდებობა ინგლისსა აქვს ნაკისრები, მაგრამ აქედამაც არავინ იცის, რა გამოვა. ძნელი გამოსაცნობია, დრო და ჟამი რას მოიტანს, ვის როგორ გაუჭირებს საქმეს, ვის ვისთვის და როგორ მოაცლის? დღეს კი ისეთი დღეა, რომ ყველას მარტო თავის თავი გახდომია თავში საცემლად.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:11