«აჟიოტაჟი ბისმარკის სიტყვის გამო» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2009 22:58

ტფილისი, 15 იანვარი.

მთელი ევროპა ჰცდილობს ღვიძლი უპოვოს ბისმარკის სიტყვასა, მისი გულისნადები ხელის გულზედ გაიგოროს. “როგორ და რით გათავდება ყოველივე ესაო? ეს შავი ღრუბლები, რომელიც თავს დასტრიალებს ევროპასა, გაიფანტება, თუ ჭექა-ქუხილის მომასწავებელიაო?” ჰკითხულობენ ყველანი, დიდი თუ პატარა. ვერავის ვერ მიუგნია, - რა სთქვა ბისმარკმა თქმითა და რა არა სთქვა არათქმითა. “ბისმარკის სიტყვაშიო,_ ამბობს ერთი გაზეთი: შესაძლოა კაცმა ნუგეში მშვიდობიანობისაც იპოვოსო. არც კი ეს არის დასამალავი, რომ იმავ სიტყვაში ყველაფერია, რასაც კი კაცი მოინდომებსო”.

ნამეტნავად საფრანგეთის გაზეთებმა მიაქციეს ამ სიტყვას ყურადღება და თითქო გამოცნობაში ერთმანეთს ეჯიბრებიანო, ისე ხარბად ეწაფებიან ყველანი ამ სიტყვასა. საკვირველიც არ არის. მომეტებული ნაწილი ბისმარკის სიტყვისა იმაზეა მიქცეული, რეიხსტაგი დააჯეროს, რომ ადრე თუ გვიან ომი საფრანგეთსა და გერმანიის შუა აუცილებელია. აშკარაა, გაზეთები საფრანგეთისა ამისთანა ლაპარაკს არ გაუჩუმდებოდნენ. ეს კი უნდა ითქვას რომ საფრანგეთის ჟურნალ-გაზეთობა ბისმარკის სიტყვას ფრთხილად და თავდაჭერით მოეპყრა. სიტყვა-პასუხი საფრანგეთის გაზეთებისა ამ საგანზე ისე მოქმედობს, თითქო ბისმარკის სიტყვაში საფრანგეთისათვის ნუგეშისა და დაწყნარების მეტი არა იყო რა და თითქო ბისმარკმა ყოველივე შიში განსაცდელისა განუფანტა. მაგრამ ვინ იცის? გველი გარედამ არის ჭრელი, კაცი შიგნიდამ. იქნება გული რომ კარგად დაუჩხრიკოს ადამიანმა საფრანგეთის გაზეთების თქმულსა, სულ სხვა გამოვიდეს. იქნება საფრანგეთი გამბეტას ანდერძს მისდევს. ერთხელ ამანა სთქვა: ”ომს ნუ ახსენებთ თავის დღეში და ომის წადილი კი ყოველთვის გულში გქონდეთ და ამისათვის ზრუნევ-დეთო”. შეიძლება ესეც იყოს.

ბისმარკმა ეს კარგად იცის. “საფრანგეთშიო, სთქვა მან: ამბობენ ჩვენ ვშიშობთ, გერმანია არ დაგვეცეს თავზედ. ნუ დაიჯერებთ, რომ მართლა ეს ასე იყოს და ვინც ამას ამბობს საფრანგეთში, თვითონ იმანაც იცის, რომ მართალს არ ამბობსო”... “განა არისო,- ამბობს სხვა ადგილას ბისმარკი: ან ერთი გაზეთი საფრანგეთში, ან ერთი კაცი იმისთანა, რომ სთქვას, - ჩვენ ხელი აგვიღია ელზას-ლოტარინგიაზედაო?” მაშასადამე, ბისმარკის აზრით, ტკივილი საფრანგეთისა დაუამებელია და ომიც აუცილებელი, თუმცა ამას კი უმატებს, რომ ეხლანდელს სამინისტროს საფრან-გეთისას ომი ფიქრადაც არა აქვსო, მაგრამ ვინ იცის, ხვალ ვინ ჩაიგდებს ხელში საფრანგეთის გამ-გებლობასაო? უცებ გენერალი ბულანჟე რომ მოექცეს კენწეროშიო, მაშინ?... სამხედრო დიქტატურა განა ახალი ამბავია საფრანგეთისათვისაო? ერთხელ მომხდარა ეგ ამბავი, თუ ორჯელო? თუ დიქტატორობა საფრანგეთში ბევრჯელ ყოფილა, რატომ ეხლა კი არ შეიძლება მოხდესო? ესა და ამისებრივი სხვა საბუთები მოჰყავს ბისმარკს იმის დასამტკიცებლად, რომ ომი აუცილებელია საფრანგეთსა და გერმანიას შორის. “როდის არის მოსალოდნელი ეგ ომიო? ჰკითხულობს ბისმარკი: ათს დღეს უკან თუ ათს წელს უკან? აი საკითხავი, რომლის პასუხი მე ვერ გამომიცვნია. მე ჯერ 1867 წ. ვსთქვი, რომ ლუქსემბურგის თაობაზედ არა ღირს ომი ავსტეხოთ მეთქი; ეხლაც ამასვე ვამბობ. მე გულდაჯერებით ვერას ვიტყვი მერმისზედა. ეს კი ვიცი, რომ მერმისში გარემოება უფრო ჩვენდა სახეიროდ მოეწყობა სწორედ ისე, როგორც 1870 წელს მოეწყო, ვიდრე 1867 წ. იყო მოწყობილიო”.

1867 წ. ბისმარკმა უკან დაიხია და ომი არ აუტეხა საფრანგეთს ლუქსემბურგის გამო, თუმცა აქ ბევრი რამ უწოდა მაშინდელს გერმანიას, რატომ, იმიტომ რომ გარემოება ხელს არ უწყობდა. 1870 წელს კი მტვერი აადინა საფრანგეთს, რადგანაც მაშინ გარემოება მისკენ იყო. “ეხლაც იმას ვამბობ, რასაც მაშინაო”. აქედამ გამოდის, ვათომც ეხლაც საფრანგეთი აქვს ნიშანში ამოღებული და მარტო ელის, გარემოება მისდა სასარგებლოდ მოეწყოს, რომ მიესიოს და ტუტა ადინოს. ამის მეტი დასკვნა სხვა არ შეიძლება რა კაცმა გამოიყვანოს მის ზემოთქმულ სიტყვებისაგან. მართლა კი ეგრეა? არა გვგონია. არა გვგონია, იმიტომ რომ ჭკვათამყოფელი კაცი თავის მტერს ეგრე აშკარად არ გადაუშლის თავის გულისნადებსა. ეს ერთი, მეორე ისა, რომ გონიერი კაცი თავის მტერს ვერ ეტყვის: ეხლა გარემოება იმოდენად არა მშველისო, რომ შენ მოგერიოვო და მერე კი მე ვიციო. ორში ერთი: ან ბისმარკი ატყუებს საფრანგეთსა, რომ მაგას ეუბნება, მითამ და, დეე, უღონოდ მიგულოს, ვაცდინო და გამემკლავოსო, ან თვალით ერთისაკენ იყურება და ნიშანში კი სხვა ჰყავს ამოღებული საცდენადა!.. ჩვენ ეს უკანასკნელი უფრო ჭკვასთან ახლოდ მიგვაჩნია. აბა, ზემოთქმულს სიტყვაში “ლუქსემბურგის” მაგიერ “ბოლგარია” ჩასვით, და ცოტა ჩაუფიქრდით ეხლანდელს დროს და ეხლანდელს გარემოებას, თუ ამოცანა თავისთავად ერთად არ გადიხსნას! .. ამ ცრუ-სამყოფელს წუთისოფელში ყველაფერი მოსალოდნელია. ან რა გვიკვირდეს საწუთროსი! “რა უქმნია უარაკო’’!


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:10