«საფრანგეთის საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცებისათვის ზრუნვა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 26 მარტი 2009 01:32

ტფილისი, 13 იანვარი.

ამ მთავარ-მინისტრობიდან გადამდგარ ფრეისინეს მაგიერ, ბევრსა ჰლაპარაკობდნენ საფრანგეთში, ფლოკე გამინისტრდებაო, მაგრამ ეს ვერ მოხდა და მთავარ მინისტრად მოწვეულ იქმნა გობლე. ეს ფლოკე პრეზიდენტი იყო დეპუტატთა პალატისა და პირველს იანვარს ხელმეორედ ამორჩეულ იქმნა ამ თანამდებობისათვის. დაიჭირა თუ არა თავისი ადგილი პალატაში, ბ-მა ფლოკემ, ჩვეულებისამებრ, სიტყვა წარმოთქვა და მადლობა გადაუხადა პალატას ხელა-ხალად ამორჩევისათვის. რასაკვირველია, მარტო მადლობის თქმა არ იკმარა ბ-მა ფლოკემ და არც თვითონ პალატა იკმარებდა ამისთანა გაჭირებულს დროს, შინა თუ გარედ. მართალია, პოლიტიკაში გავლენიან კაცებს წესად მიღებული აქვთ და ხშირად იძულებულნიც არიან სხვადასხვა გარემოების გამო მოკლე სიტყვა გრძლადა სთქვან და ამასთანავე იოსტატონ და არა სთქვან რა. მაგრამ სიტყვა მაინც სიტყვაა და კაცმა რაც უნდა თავი იმალოს სოროში, როგორღაც მოხდება ხოლმე, რომ კუდი გარედ ჰრჩება. ბევრი გაზეთი, შინაური თუ გარეული, ფლოკეს სიტყვას მშვიდობის მომასწავებელს სიტყვათა სთვლის. იქნება ეგრეც იყოს, ხოლო მის მიერ თქმულში ორიოდე იმისთანა სიტყვა ურევია, რომ კაცს სულ სხვარიგად ჩააფიქრებს.

ბ-ნმა ფლოკემ გადაუხადა რა მადლობა პალატას ხელახლად არჩევისათვის, საგრძნობელის სიტყვით მიიწვია პალატა, ერთობა და თანხმობა ურთიერთშორის იქონიოს, რადგანაც სიმტკიცე და სიმკვიდრე სარესპუბლიკო მთავრობისა ამას ითხოვს და უამისოდ თავს ძნელად დაიჭერსო. სულით და გულით მონატრებული ვართ, რომ იგი მამულიშვილური ცდა და მსხვერპლი, რომელსაც საფრანგეთი ეწევა დღეს ჩვენის ეროვნულის წყობის წარმატებისათვის და განსაკუთრებით ჯარის გაძლიერებისათვის არ დასცხრეს და არ განელდესო. “თუ ჩვენ, დასთა სხვა-დასხვაობის მიუხედავად, ერთნაირის გულისტკივილით მხარს ვაძლევთ ჩვენს მშრომელს და გამრჯელს ყმაწვილკაცობას, თუ ჩვენ ერთსულობისაგან ფრთაასხმულნი არა ვზოგავთ არც თავს, არც ქონებას ჩვენის ძალ-ღონის გაძლიერებისათვის, _ ეგ შიშით კი არ მოგვდის, ან გულსწრაფობით და მოუთმენელობითა: ჩვენ გვინდა საფრანგეთს მოუპოვოთ და შევურჩინოთ საყოველთავო პატივისცემა”. ამ სიტყვაზედ მთელმა პალატამ ტაშის ცემით დაიგრიალა.

ვისაც ახსოვს, რომ საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, ესე იგი 1870 წელს აქედ ბისმარკის მეცადინეობით და ხერხით გამოძევებულ იქმნა ვროპიის არეოპაგიდამ; ვისაც ახსოვს, რომ დამარცხებული, ღონემიხდილი, დაზარალებული, მამულებჩამორთმეული საფრანგეთი დღეს აქამომდე, ბისმარკის წყალობით, ჩრდილში იყო მიყენებული, თითქმის არავინ არას ეკითხებოდა საქვეყნო საქმეებში, თითქო არ არსებობსო და ბისმარკიც არც ერთს შემთხვევას არა ჰკარგავდა, რომ საფრანგეთის არარაობა არ ეგრძნობინებინა საფრანგეთისათვისვე, _ ვისაც ყოველივე ეს ახსომს, იგი ბ-ნ ფლოკეს სიტყვაში ერთს ახალს საგანს დაინახავს, რომლისათვისაც საფრანგეთი თავს გამოიდებს. აქამდე საფრანგეთის წინა-კაცნი იძახოდნენ, რომ ჩვენ ომის ატეხა არ გვინდა, თუ ჩვენს არსებობას არ შეეხებიანო. თვითონ მისთანებში მეტად კადნიერი და გამბედავი სამხედრო მინისტრი ბულანჟე ამას ამბობდა ხოლმე, როცა შემთხვევა და გარემოება გამოიწვევდა სათქმელად. ეხლა ბ-ნ ფლოკეს სიტყვისაგან ჩანს, რომ საფრანგეთი მზად არის თავი გამოიდოს არამცთუ მაშინ, როცა მის არსებობას შეეხებიან, არამედ საყოველთავო პატივისცემის მოსაპოებლადაც და შესარჩენად. ვისაც საგნის გულში ჩახედვის უნარი აქვს, ის აშკარად დაინახავს, რომ არსებობის დაცვა და პატივის შოვნის წყურვილი ერთი და იგივე საგანი არ არის. პირველს წამლად ეყოფა ფრთხილი ლოდინიცა, კარგად მზად ყოფა მტრის მოსაგერებლად და დასახვედრად, მეორეს – ხელთა განძრევა უნდა, ფეხის წინ წადგმა და არა დგომა და ლოდინი. რაცა გაქვს, იმისათვის ფარია საჭირო, რაც საშოვარია, იმისათვის – ხმალი. ერთს დგომა უნდა, მეორეს – სვლა. ეს ფლოკეს სიტყვა, ერთიანის ტაშით მიღებული საფრანგეთის დეპუტატთა პალატისაგან, ნუგეშია თუ სხვა რამ – ეგ თვითონ მკითხველმა გამოიცნოს. ჩვენ კი ესე გვგონია, რომ თ. ბისმარკს ერთი აქამდე უტკივარი ტკივილი უნდა მოემატოს: თ. ბისმარკმა ძალიან კარგად იცის, რომ მოდი და მნახე, - ერთია, და მოვალ და გნახავ – სულ სხვაა, როცა მტერი მტერს ეუბნება. პირველში შენ გელოდება, მეორეში შენ გალოდინებს. ერთს ერთი ქარი აქვს, მეორეს – მეორე. ესეა და ესე! ... რას იზამ!

“არ დაწყნარდება ქვეყანა
და მისი სანახავები”.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:10