«ბისმარკის სიტყვა სამხედრო კანონის შესახებ» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 26 მარტი 2009 01:25

ტფილისი, 12 იანვარი.

მთელი ევროპაა და თ. ბისმარკის სიტყვა, თქმული პარლამენტში სამხედრო კანონის შესახებ თ. ბისმარკი და, მაშასადამე, მთავრობა გერმანიისა ჰთხოულობდა, რომ პარლამენტმა ნება და ფული მისცეს 41 000 კაცით მეტი ჯარი იყოლიოს გერმანიამ. ვიდრე ეხლა ჰყავს იმ უეჭველის ზედ დამატებით, რომ ამისი ნება და ფული ჰქონდეს მთავრობასა შვიდის წლის გან-მავლობაში შეუცვლელად და დაურღვევლად. პარ-ლამენტი, რომელიც ჰხედავს რარიგ მძიმე ტვირთად დააწვება ხარჯი ამ 41 000 კაცისა გერმანიის ერსა, უიმისოდაც მეტად დამძიმებულსა და შეწუხებულს მრავალგვარის ხარჯითა, წინააღუდგა ამ ახალს კანონს. შესანიშნავი ეს არის, რომ პარლამენტმა მთლად არა ჰყო უარი და გადასწყვიტა, ეგ კანონი მიღებულ იქნას მარტო სამის წლითა და არა შვიდის წლითა. ამ გადაწყვეტილებაში ორი საგანია საგუ-ლისხმიერო; ერთი ისა რომ თვითონ პარლამენტი გულდაჯერებული ყოფილა, რომ ეხლანდელი მდგო-მარეობა გერმანიისა მართლა ჯარის მომატებას ჰთხოულობს და მაშასადამე, შიში რამ დასდგომია თვალწინ პარლამენტსა; მეორე ისა, რომ პარლამენტი ვეღარა ჰნდობია თ. ბისმარკის პოლიტიკას დიდის ხნობით და ამისათვის სამის წლის ვადით ნება მიუცია მეტი ჯარი იყოლიოს და მერე კი ხელახლად გან-საჯოს თვითონ პარლამენტმა, _ საჭიროა კიდევ თუ არა ამოდენა ჯარის ყოლა. ასე ახსნა ოპოზიციის მო-თავემ ვინდგორსტმა სამის წლის ვადიანობა, რომელ-ზედაც ბოლოს თვით პარლამენტიც დადგა. თ. ბის-მარკმა ბევრი ილაპარაკა მასზედ, რომ ჩვენი კანონ-პროექტი ან უცვლელად მიიღეთ, ესე იგი, მთელის შვიდის წლის ვადითაო, ან არადა პარლამენტს დავი-თხოვთ და ხელახლად არჩევანს დავნიშნავთო. პარ-ლამენტი არ შეუშინდა ამ მუქარასა და არ შეიწყნარა ბისმარკის თხოვნა. თ ბისმარკმა იქავ პარლამენტშივე ამოიღო უბიდამ ბრძანება იმპერატორისა, წინადვე მომზადებული, და წაუკითხა პარლამენტსა, რომ დათხოვნილი ხართ და ახალი არჩევანია დანიშნულიო. ამ სახით დღეს გერმანიაში პარლამენტი დაშლილია.

ამ ამბავმა მთელი ქვეყანა ააყაყანა. ზოგი რას ამბობს, ზოგი რასა და მართალი კი ჯერ გამოცნობილი არ არის. რა თქმა უნდა, რომ ამ მართლის საპოვ-ნელად მივარდნენ თ. ბისმარკის სიტყვას, პარლამენტში თქმულს. ამისთანა ორპირა და ორაზროვანი სიტყვა ბევრი არა თქმულა პარლამენტში. ცხადია თ. ბის-მარკმა მთელი თავისი ოსტატობა იხმარა, რომ ის არ ეთქვა, რაც გულში ედვა და რასაც მართალი ითხოვდა. ავსტრიასთან ძალიან და მეტისმეტად კარგადა ვართო, სთქვა ბისმარკმა; რუსეთთან ისე მეგობრულად ვართ, რომ აქ არავითარი ეჭვი არ გვაქვსო; საფრანგეთს ჩვენ არ დავეცემით, თუ ისინი არ დაგვეცემიან და არცა გვგონია თვითონ საფრანგეთმაც ამ ხანებში ხელი გამოიღოსო, და რაც შეეხება ბოლგარიის საქმეს, ჩვენ იქ არა გვტკივარაო. მაშ, ჯარის მომზადება რაღად გინდათო, _ ჰკითხეს ბისმარკსა, თუ ყოველის მხრით ასეთი მშვიდობიამობა მოგველისო. აქ იჩინა თავი თ. ბისმარკის ოსტატობამ. ვინ იცის, რა არ მოხდესო, უპასუხა: მართალია, დღეს საფრანგეთი ხმას არ იღებს, მაგრამ ის ისეთი ქვეყანაა, ხვალ არავინ იცის რას მოახდენსო. ერთის სიტყვით, ორჭობად ლაპარაკი თ ბისმარკისა დღეს მთელის ევროპის სალაპარაკო საგანია. თვითონ თ. ბისმარკმაც კი აღიარა, რომ მისი სიტყვა ერთსა და იმავე დროს “ჰოც” არის და “არ-აცა”. “ვენაში ჩემს სიტყვას რუსეთის სიყვარულში ჩამომართმევენ და პეტერბურგში _ ავსტრია-ვენგრიის სიყვარულშიო”, სთქვა მან სხვათა შორის. გამართლდა ეს წინასწარმეტყველება თუ არა, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ ბისმარკის სიტყვაში ზოგი შიშის საბუთს ჰხედავს, ზოგი ნუგეშინისას და ერთიც და მეორეც მართალია: ერთსა და იმავე სიტყვაში შიშიც არის და ნუგეშიც. ჭკვიანი კაცი იმითია ჭკვიანი, რომ იცის “ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. ახლა ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვით, წამოსცდა ერთგან თ. ბისმარკსა. მოდი და აქ ის კაცი გაამტყუნე, რომელიც სხვას მახეს უგებს, _ რატომ არ გვეუბნები, რა მახეს, სად და როგორ გვიგებო. ამაზეა ნათქვამი:

“სწყუროდეს, წყალსა ვინ დაჰღვრის
კაცი უშმაგო, ცნობილი”!


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:09