«ბამბის მოყვანის საქმე და ბაზრის საკითხი» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 21 მარტი 2009 09:03

ტფილისი, 8 იანვარი

რუსეთში დიდძალი ფაბრიკები და ქარხანებია ბამ-ბეულობის საქონლის საფეიქროსი. თანხა, რომელსაც ამ საქმეში რუსეთი ყოველწლივ ატრიალებს, რამდენ-სამე ასს მილიონს მანეთს იჭერს. ამ ბამბეულობის სა-ქონლის საფეიქრო ფაბრიკებსა და ქარხანებსა რამ-დენიმე ასი ათასი მუშაკაცი უნდება. მაშასადამე, ესგვარი საფაბრიკო მრეწველობა ინახავს და ჰკვებავს რამდენსამე ასი ათას მუშაკაცს თავის სახლეულობითა და ცოლ-შვილითა. აქედამა სჩანს, რა დიდი მნიშ-ვნელობა უნდა ჰქონდეს საერო ეკონომიისათვის და სა-ხელმწიფო ინტერესისათვის ამგვარს მრეწველობასა. ხოლო სხვა მხრითაც მეტად საზრუნველია და საფიქ-რებელი ეგ მრეწველობა რუსეთისათვის. საქმე ის არის, რომ თვითონ მასალა ამ ფაბრიკებისათვის, ე.ი. ბამბა, რუსეთს სამზღვარგარეთიდამ შემოაქვს და ამის გამო ეს უშველებელი მრეწველობა რუსეთისა სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. რუსეთი ბამბას სამ-ზღვარგარედ ჰყიდულობს და ამ გზით სამზღვარგარეთს ყოველწლივ თითქმის 75 მილლიონი მანეთი ოქროს ფული გააქვს რუსეთიდამ. ეს გარემოება არამც თუ ავნებს ეგრედ წოდებულს ”სავაჭრო ბალანსს”{1} რუსეთისას, არამედ თვით ვექსილის კურსსაც აფო-ლებს და ამ მხრით ვნება მოაქვს სახელმწიფო ინტე-რესებისათვისაც.

ყოველივე ეს კარგა ხანია შენიშნულია მთავ-რობისაგანაც და რუსეთის ჟურნალ-გაზეთებისაგანაც. დღეს ამ ბამბის თაობაზე ლაპარაკია ატეხილი იმ აზ-რით, რომ რუსეთმა როგორმე თავისი საკუთარი ბამბა გაიჩინოს და იქონიოს. საქართველო საკუთრივ, ამიერკავკასია საერთოდ, და შიდა აზია, საცა ეხლა რუსეთს უზარმაზარი ადგილები უპყრია, ასეთი ქვეყ-ნები არიან, რომელთაც ჰავა, ადგილმდებარეობა და თვითონ ადგილი ხელს უწყობს ბამბის მოყვანისათვის. ამ ამბავმა ჩვენ გაგვახსენა 1862 და შემდეგი წლები, როცა ქართლ-კახეთში და ნამეტნავად იმერეთში ბამბის მოყვანაზედ მიიმართა დიდი და პატარა, ვისაც კი ცო-დნა და წელი მიუძღოდა. იმ ხანებში კარგა ძალი ბამბა მოჰყვანდათ და კაი ფასადაც იყიდებოდა. ნამეტნავად იმერეთმა იმარჯვა ამ შემთხვევაში, რადგანაც ზღვა ახ-ლო ჰქონდა და გადატანის ფასი შესაძლებელ ჰყოფდა ბამბის საპალნების სხვაზედ იეფად ზიდვასა. რომ ეს ამბავი ჩვენთვის საკუთრივ და ამიერკავკასიისათვის საერთოდ ალალბედობისა და შემთხვევის მოწყალება იყო, როგორც დღეს პურის ვაჭრობაა ჩვენში, ეს იმითი მტკიცდება, რომ დღეს ბამბა თითქმის აღარავის მოჰ-ყავს და მის მოყვანაზედ თითქმის ხელი აიღეს. რა შემთხვევა იყო ისეთი, რომ მაშინ ამისთანა ციებ-ცხელება შეუდგათ ბამბის მოყვანისა და დღეს კი ასე დასცხრა და განელდა?

ყველაზედ უდიდესი ბოღაზი ბამბისა ისევ ჩრდილო ამერიკაა. ასეთივე იყო იგი წინადაც. მთელს საქვეყნო ბაზარს თითქმის მარტო ჩრდილო ამერიკა უძღვებოდა და აძღობდა, მინამ ჩრდილო ამერიკის საქმე თავის რი-გსა და წესზედ მიდიოდა, ბამბა რუსეთის უმთავრეს ბა-ზარში ნიჟეგაროდის “იარმუკაზედ” ფუთი ოთხსა და ხუთ მანეთად გადიოდა. მაშინ, რასაკვირველია, ჩვე-ნებურს მოწარმოებს ბამბისას ხელს არ მისცემდა ბამბა მოეყვანა, რადგანაც მარტო გადატანის ფასი მანათამდე ადიოდა ფუთზედ და მწარმოებელს ფუდზედ მარტო მანათი ან ორი მანათიღა რჩებოდა ყოველგვარ ხარჯის ასაყენებლად და თავის გასამრჯელოდ. თქმა არ უნდა, რომ ამისთანა გარემოება არავის წააქეზებდა იმ რთულსა, ხარჯიანს და ძნელ მუშაობისათვის, რომე-ლიც ბამბის მოყვანას სჭირდება. ამიტომაც იმ დრომდე ბამბის მოყვანა ჩვენში ისე კანტიკუნტად სადმე, ხილად თუ იქნებოდა, თორემ გამოსარჩომად კი თითქმის არ-სად იყო, ერევნის გუბერნიის გარდა. ერევნის გუბერ-ნიაში ბამბის მოყვანა ხელს აძლევდა მაშინ იმიტომ, რომ შინ და რუსეთში რკინის გზები ასე ხშირი არ იყო და ამერიკის ბამბის შემოტანა შიდა რუსეთში ავის გზების ხარჯს ძლივძლიობით ასდიოდა. ასე, რომ ერევნიდან ბამბის წაღება ცოტაოდნად უფრო სარფა იყო, ვიდრე ამერიკიდამა. ეს იმიტომ, რომ შიდა რუსე-თის გზებზედ ერევნის გუბერნია უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკა, და თუ ამ გზებზედ ორსავე ერთი ხარჯი უნდებოდათ, ამერიკის ბამბას ფასი ემატებოდა ამერიკიდამ რუსეთამდე მოსატანისა.

ხოლო როცა ჩრდილო ამერიკის შტატებ შორის ომი ასტყდა, მაშინ ბამბის იქიდამ ზიდვა შესწყდა. ასე, რომ ევროპიის ბაზარში თითქმის ხსენებაც კი გასწყდა ბამბისა. მაშინ იყო ის სახელოვანი გაჭირვება, რო-მელსაც “ბამბის კრიზისს” ეძახიან და რომელმანც აუარებელი ქონება მეფაბრიკეებისა და მექარხნეებისა შთანთქა და თვითონ ფაბრიკები და ქარხანები ინ-გლისსა და რუსეთში პირქვე დაამხო. მარტო რუსეთში 659 საფეიქრო ფაბრიკებიდამ, რომელნიც 1860 წელს მოქმედებდნენ, 1863 წელს 388-ღა დარჩა, თითქმის ნახევარზე ჩამოხტა. ისიც ძლივძლივობით სულს იტრიალებდნენ. ბამბა შიდა აზიისა და ბუხარისა, რომელიც 1860-მდე ფუთი ოთხ და ხუთ მანათად ძლივ გადიოდა ნიჟეგოროდის დიდს ბაზარში, ჩრდილო ამერიკის შტატების ომის დროს 1861 წ. შვიდ-რვა მა-ნათამდე აიწია, 1862 წელს _ თორმეტ-ცამეტ მანა-თამდე და 1863 წელს კი ოცდაორ-ოცდასამ მანათამდე. რა თქმა უნდა, ამგვარმა ყოფამ ბამბის საქმისამ მთელს ქვეყნიერობაზედ თავისი ზემოქმედება იქონია. მუშტარი ბამბისა ბუზსავით ყველგან ირეოდა, რასაკვირველია, იმ ქვეყნებში კი, სადაც ჰავა და ადგილი ბამბის მოსაყვა-ნად შესაფერისი იყო. ამ დიდმა ფასებმა და მუშტარმა ჩვენამდინაც მოაღწია და ყველა, დიდი და პატარა, ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა, მიაწყდა ბამბის საქმესა. იმ ხანად იმერეთმა კარგი გამორჩომა ჰნახა და ეს შემთხვევა ყველაზედ უკეთესად იმან გამოიყენა: დიდ-ძალი თესვა ბამბისა დაიწყეს იმერეთში და კარგა ფული გაინაღდეს ამ გზით. დღეს ბამბის მოყვანის საქმე ჩვენში სრულად შემწყდარია და ეს წყარო სიმ-დიდრისა ხელიდან გამოგვეცალა. რა იყო ამისი მიზეზი და რა ღონისძიებაა სახმარი, რომ ეს სახეირო საქმე ჩვენთვისაც და რუსეთისათვისაც კვლავ აღორძინდეს, ამაზედ შემდეგს ნომერში მოვილაპარაკებთ


ტფილისი, 9 იანვარი

რა თქმა უნდა, რომ თუ რუსეთს ჰსურს თავისი საკუთარი ბამბა იქონიოს და ამ მხრით სხვა ქვეყნებზედ არ იყოს დამოკიდებული, ბამბის მოყვანას ძალიან ხელი უნდა შეუწყოს ყველგან, საცა კი ჰავა და ადგილი შესაფერია ამ მცენარისა. შიდა აზიის გარდა, ბამბა ძალიან კარგად მოდის ამიერკავკასიაში. ქართლ-კახეთი და ერთობ იმერეთი ამისათვის ძალიან კარგი ადგილებია და ამ მხარეში რომ მთავრობამ თავისი შემწეობა მოაშველოს მიწისმოქმედთა და პირველ ხანებში მაინც ყოველისფერში ხელი გაუმართოს, ყოველგვარი შეღავათი მისცეს, დიდძალს ბამბას რუსეთი ჯერ ამ ამიერკავკასიაში იშოვის. სწორედ ესე მოიქცნენ ინგლისელები. როცა ჩრდილო ამერიკის შტატებს შორის ომი ასტყდა და ბამბის კრიზისმა თავი იჩინა, ინგლისელებმა არავითარი ღონე, არავითარი ხარჯი, არავითარი შემწეობა არ დაჰზოგეს, რომ სადმე თავის სახელმწიფოს სამზღვრებში ააღორძინონ და ფეხზედ დააყენონ. ინდოეთსა და ეგვიპტეშიაც კი, რომელიც ინგლისელებს არც კი ეკუთვნით, დიდძალი მეცადინეობა იხმარეს, დიდძალი ფული დაატრიალეს ამის გულისათვის. გარდა ამისა, თვით ინგლისის ფულის პატრონთაც, როგორც კერძო კაცთა, დიდძალი ფული მიაშველეს ბრაზილიას და ხვნა-თესვა ბამბისა დიდად გააძლიერეს იქაც კი. ამ მთავრობისა და კერძო კაცთა ცდამ და ხარჯმა ამაოდ არ ჩაუარათ ინგლისელებსა. ამ მეცადინეობის და ხარჯის შედეგი ის იყო, რომ 1.800.000 ფუთი ბამბა, რომელიც 1862_63 წ.წ. გამოჰქონდათ, მაგალითებრ, ეგვიპტიდამ, ცხრა მილლიონ ფუთამდე აიყვანეს 1884-85 წლებში. ეს იმოდენა ბამბაა, რამოდენიც რუსეთის მრეწველობას და ერთობ რუსეთის ბაზარს თითქმის სრულებითა ჰყოფნის. დღეს ინგლისი ცოტად თუ ბევრად დაიმედებულია, რომ რაც უნდა უეცარი უბედურება შეემთხვეს ჩრდილო ამერიკის ბამბასა, ინგლისი ცოტად თუ ბევრად დაიმედებული იქნება, რომ ფაბრიკები და ქარხანები არ მოუცდება.

ინგლისელების მიხედვით, თუ საკუთარის მიგნებით, რუსეთშიაც ფულის პატრონებმა, კერძო კაცებმა ხელი მოჰკიდეს ამ საქმესა და განიზრახეს რითმე მოჰ-შველებოდნენ იმ ქვეყნებს, საცა ბამბა მოდის. ამას წინად სოვდაგარმა მაროზოვმა ჩვენს სოფლის სამეურ-ნიო საზოგადოებას ბამბის თესლი გამოუგზავნა, რომ ხალხს დაურიგდეს და ხალისი აღუძრას ბამბის მოყ-ვანისა. საზოგადოებამ დაურიგა იგი თესლი, მაგრამ, სამწუხაროდ, თესლი იმოდენად უხეირო გამოდგა, რომ მოსცდა და არ ამოვიდა. თვით მთავრობასაც ორი ნას-წავლი კაცი გაუგზავნია ამერიკაში, რომ ისწავლონ ბამბის მოყვანის ხელი და მერე რუსეთის სამზღვრებში მოჰფინონ თავისი სწავლა და ცოდნა და ამ მხრით, შეწეობა აღმოუჩინონ მოწათმომქმედთა. რასაკვირველია, ეს ღონისძიებანი საკმაონი არ არიან, რომ ხალხმა ხე-ლი მოჰკიდოს ბამბის მოყვანის საქმესა, თუმცა არც უიმისოა, რომ ცოტაოდნად მაინც ხელი არ მოუმარ-თოს. ჩვენში ბამბის მოყვანის საქმის ცოდნა, მარ-თალია, იმოდენა არ არის, რამოდენიც სანატრელია, მაგრამ იმოდენი კია, კაცი ცოტად თუ ბევრად ამ მხრით დიდს დაბრკოლებას ვერა ჰნახავს. ხომ იყო ჩვენში ცოტად თუ ბევრად გაძლიერებული ბამბის მოყვანის საქმე 1862-63-64 და სხვა წლებში, მინამ ბამბა კაი ფასად გადიოდა და ხალხს ხელს აძლევდა. საქმე ის არის,_ხალხმა გული დააჯეროს, რომ ბამბის მოყვანა სარფაა, თორემ მოიყვანოს და იმ ფასად ჰყიდოს, რომ ხარჯი ძლივს ააყენოს, _ ამას ვერა მიწათმომქმედი ვერ გაუძლებს. ეს გარემოება სულს ამოართმევს ხელახლად დაწყობილს საქმესა და ხალხი, რასაკვირველია, მოერიდება, რაც უნდა კარგი თესლი ბამბისა ურიგონ და რაც უნდა ბევრი უქადაგონ მსწავ-ლულმა და მცოდნე კაცებმა.

რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა ხალხი დარ-წმუნებული იყოს, რომ 1) მისი ბამბა რუსეთის ბაზარში გავა და 2) ფასი გამოსარჩომი ექმნება. საცა საქონელს ბაზარი არა აქვს და ამასთანაც გამორჩომა რამ, იქ ყოველივე ცდა ამაოა. თუ მართლა სასურ-ველია რუსეთისათვის, რომ ამიერკავკასიამ თავისი ბამ-ბა მიაშველოს, საქმე ისე უნდა მოაწყონ, რომ ამ სურ-ვილის აღსრულების გზაც მისცე. ჩვენი ეკონომიური უბედურება ის არის აქაც, რაც პურის ვაჭრობაში: გადატანის ხარჯი მეტად ძვირად უჯდება მწარმოებელს და ესა გვხუთავს ჩვენ ყოველისფერში. ჯერ რომ რკი-ნის გზა მეტად დიდ ფულს იღებს საქონლის წაღებ-წამოღებისათვის, მერე თვითონ რკინის გზამდინაც მი-ტანა ჭირია უგზოუკვლოობის გამო. აი, ამ მხრით მოშველება უნდა, ვისაც ჰსურს ბამბის მოყვანის საქმეს ფეხი აადგმევინოს ჩვენში. გამოცნობილია და გამოან-გარიშებული, რომ თუ ბამბის მიტანა მოსკოვში მანათზედ და მანათს უზალთუნზედ მეტი დაჯდა, ჩვენს ბამბას გასავალი არ ექმნება, ან თუ ექმნება, ბამბის პატრონი ზარალის მეტს ვერასა ჰნახავს. რუსული გაზეთები ამბობენ, რომ სამხრეთ რუსეთის რკინის გზებისა რუსეთის ნაოსნობის და ვაჭრობის საზოგა-დოების შორის მოლაპარაკება არისო, რომ შიდა აზიის ბამბის გადმოტანა მოსკოვამდე ხუთ აბაზ უზალთუნზედ მეტი არ დაუჯდეს ფუთიო. სწორედ ამისთანა განკარ-გულებაა საჭირო ჩვენის მხრის ბამბისათვისაც, თუ ვისმე ჰსურს ბამბის მოყვანას ჩვენში ფეხი აადგმევინოს იმოდენად, რამოდენადაც სასურველია. თორემ დღეს ფუთი მოსკოვამდე თითქმის სამი მანათი მარტო გადა-ტანა ჯდება და სად გაუძლებს ამოდენა ხარჯს ჩვენე-ბური ბამბა?


{1} სავაჭრო ბალანსი იმას ჰქვიან, როცა შეწონილია შემოტანილის და გატანილის საქონლის ფასი, და თუ შემოტანილისა აღემატება გატანილისას, მაშინ ამბობენ, ბალანსი საზარალოაო.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:08