ლოცვა Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 01:23
ლოცვა
ილია ჭავჭავაძე

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...

არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”


17 ივლისი, 1858 წ.

ტიარლევო