(ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 00:49
(ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?)...
ილია ჭავჭავაძე

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.


თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.


ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!


ოქტომბერი, 1861 წ.

ყვარელი.