ქვათა ღაღადი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ორშაბათი, 23 თებერვალი 2009 01:59

I   II   III   IV   V   VI   VII   VIII   IX   X   XI   XII   ბოლოთქმა

 

ილია ჭავჭავაძე

ქვათა ღაღადი

თბილისი
1994

«სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი» ილია ჭავჭავაძის
პოლემიკურ-პუბლიცისტური ნაშრომია. პირველად დაიბეჭდა
გაზეთ «ივერიაში» 1899 წელს გაგრძელებებით და
იმავე წელს გამოიცა ცალკე წიგნად. მოგვიანებით იგი
რუსულ ენაზეც დაისტამბა.

«ქვათა ღაღადის» ცალკე წიგნად ხელახალი გამოცემა
გამართლებულია იმით, რომ ნაშრომში განხილული
საუკუნის წინანდელი პრობლემები დღესაც აქტუალურია.

რადაქტორი
თენგიზ სანიკიძე

გამომცემლები:
დალი გვიჩიანი,
მზია მხეიძე,
ბუბა კუდავა

ქვათა ღაღადი

«ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს»...
რუსთაველი

ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ანუ ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.
ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპიელს თუ რუსს - საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთა რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც “თვისის სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას”, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახნოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.
სახელის გატეხას თქვენი ჭირიმც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზვღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია(ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც “ვრაცები” ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს “ვრაციები” ვითარცა ერი არაფრად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტისა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარა-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ თუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.
ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.
რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.
ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისას შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას: როგორ ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ.
ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათმყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსნება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას.
ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან, რომ ერის სახელით წინათვე მოიბირებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და, მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებელს შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში. ყოველ ამით ჰსურთ შვილდისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან.
მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია - ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა - და ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩარობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა ჰღაღადებს მხოლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული და განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილი გული უბრალო გლეხკაცისაც. “კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა”, ან: “ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ჰღირს მკვეხარი”[1], - განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?
სამწუხაროდ ჩვენდა, ამ ჭკვიანურ ანდაზის სიბრძნემდე ჯერ აქამომდე ვერ მიუღწევია იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქებადიდებას სომხებისას საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან. სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს. ამისთანაებში, თუნდაც გადაჭარბება, სხვისათვის უწყინარი და უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არ გვშურს. პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი. შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, - სხვას ჩემზე მეტი რად აქვსო, ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
ამიტომაც ჩვენ ქება-დიდებას სომხებისას საბუთებს არ გამოვუჩხრეკთ, თუნდაც ცალიერი ბაქიობა იყოს. თუ საქებ-სადიდებელი აქვთ რამე, ღმერთმა შეარჩინოთ. თუ არა აქვთ, ღმერთმა მისცეთ. ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვაბათილებს და სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.
დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდილ არიან უნიღაბოდ, უფერ-მარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ დავგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკეებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოაწავებსო და ლიბერალობის შეგნებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.
ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნუმუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯარება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველის ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, - იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ ასტეხს, - განა უწმინდაესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა, რომელიც-კი მას შეუძენია და დიდი ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა...
...ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა. საბუთიანს. მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის. რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბაძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი - მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი. “უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება”.
თუ აქაო-და შფოთი ასტყდება და ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ, ქართველებს, ხმას გვაკმედინებენ, და თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობლად არ მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა, რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს სომხებისას პირში კაპს არ ამოსდებენ, რომელთა მეცნიერნი, საცა გინდათ თუ არ გინდათ, ქართველს ერს - დიახ, მთელს ქართველ ერს! - თავზე ლაფს ასხმენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან, როგორც წინათ ვთქვით. აბა თუ ერთმა ამ ცრუპენტელა ლიბერალთაგანმა ენა დასძრას და უთხრას: “კაცნო, რა მიჰქარავთ, რას მიედებ მოედებით! თუ ჩვენი საკუთარი ღირსება რამ გაგვაჩნია, ჩვენი საკუთარი მიწა-წყალი, - ეგებ სთქვით, თუ არა-და, რას ჩასციებიხართ მთელს ქართველობას, რაზედ უტეხავთ სახელს, რაც მისია - ტყუილიად რა იჩემებთ? განა ქართველის ერის ძაგებით, სულიერად და ხორციელად წაწყმედით ჩვენ ჩვენის სამოთხის კარი გაგვეღება! განა არ იცით, რომ თუ სადმე სანთელ-საკმეველია, თავისს გზას არ დაჰკარგავს, ბევრიც რომ შორიდამ უბეროთ!” ერთ კაცსაც ამაზე ხმა არ ამოუღია და არც ამიღებს, იმიტომ რომ ორპირნი და ცალგულნი არიან. ყოველ ამას გულწრფელობა, მართლმოყვარეობა, დიდსულოვნება უნდა და დღევანდელ ბაზრისათვის არც ერთსა აქვს მაზანდა, არც მეორეს და არც მესამეს.
გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს - ისიც გუნდს და არა მთელს ერს - ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზედ, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვრიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყულიებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხვისათვისო. ეს სადაური სამართალია, სადური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია.
დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით ამოუვსოს, - ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩლისათვის და ტყუილის მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა. აქ პატიოსანი, პირდაპირი დგომაა საჭირო, პირდაპირი მიხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით.
სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა და სხვა ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას-კი რომ უთხრათ, - შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრადულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, - ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, - მართალს თავის საკუთარი ფაი აქვვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის.
კიდევ ვიტყვით, საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, - და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავჩუმდეთ? აქაო-და თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო, და ეროვნულ შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს უნდა შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენი საკუთარის ვინაობის სარჩლისა და პატრონობისათვის.
თქვენი წკიპურტიც-კი გვწყინსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით გვითათბირებენ. რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა ნაფურთხს ხმაამოუღებლა ჰლოკავს და სხვის ლაძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდგომა და ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა გაგვჭირვებია-რა: გული იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ არავის.

 

I   II   III   IV   V   VI   VII   VIII   IX   X   XI   XII   ბოლოთქმა

Last Updated on ორშაბათი, 23 თებერვალი 2009 02:55