ინტერვიუ გერმანელ მწერალ დომინიკ ირტენკაუფთან (2007 წლის 28 სექტემბერს) Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ორშაბათი, 28 აპრილი 2008 23:48
Untitled Document

 

ირაკლი ბალახაძე: ბატონო ირტენკაუფ, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს მკითხველს.

დომინიკ ირტენკაუფი: სიამოვნებით. მე მივეკუთვნები გერმანელ ახალგაზრდა მწერლების რიცხვს. დღემდე გამოქვეყნებული მაქვს ორი პატარა წიგნი: გასულ წელს– წიგნი ეშმაკის მითზე, და წელს, ივლისის თვეში გამოვიდა სხვადასხვა ტექსტების კრებული. ამჟამად ვიმყოფები საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სტიპენდიის, "მუზის" წყალობით. იმედი მაქვს, რომ წიგნით , რომელიც ჩემი საქართველოში ყოფნის დროს დაიწერება, მე ერთ ნაბიჯს გადავდგამ, რათა დაუახლოვდე ლიტერატურას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გარესამყაროზე და გამოცდილებაზე.

ირაკლი ბალახაძე: თქვენი განზრახვა იყო საქართველოში ჩამოსვლა, თუ უფრო შემთხვევითობა? როგორ მოხვდით ამ ქვეყანაში.

დომინიკ ირტენკაუფი: მე პირველად დავინტერესდი ამ ქვეყნით მიუნსტერში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლის დროს, როცა ბატონი დათო ბარბაქაძე გავიცანი. სწორედ მან გამაცნო მდიდარი ქართული კულტურა და დამაახლოვა მასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დავითი დიდი ძალისხმევის პიროვნებაა, როდესაც საქმე ეხება ინტერკულტურულ ურთიერთობებს. მითოლოგია წარმოადგენs ჩემი ინტერესის სფეროს, ამიტომ ცხადია გადავწყვიტე გამეცნო ქართული მითოლოგია, სადაც აღმოვაჩინე ამირანი, რომელსაც დიდი მსგავსება აქვს ბერძნულ პრომეთეოსთან. მე ხშირად მსმენოდა საქართველოს ევროპისაკენ მისწრაფების შესახებ და მაინტერესებდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე.

ასე რომ, შეიძლება ითქვას – მე გამიზნულად ვეძებდი გზას საქართველოში ჩამოსასვლელად. ჩემთვის სრულიად უცხო გარემოსა და ენის ბარიერის მიუხედავად, აქამდე ერთი წუთითაც არ მინანია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

ირაკლი ბალახაძე: რა იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ქვეყანასა და ხალხზე? თქვენს ჩანაწერებში იხსენიებთ, რომ ბუნება ტოსკანას მოგაგონებთ...

დომინიკ ირტენკაუფი: ჩემი პირველი შთაბეჭდილება? რთული სათქმელია, რადგან იგი მომდევნო უამრავმა შთაბეჭდილებამ გადაფარა. მე ვცდილობ ჩემი წიგნის პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის საკუთარი ფენომენოლოგიის შექმნას, რაც ნიშნავს: თითოეული აღმოჩენა და გამოცდილება ერთმანეთს დავუკავშირო და საბოლოოდ რეალისტურად ავსახო, თან ჩემი საკუთარი გულიდან წამოსული ნაპერწკალიც მივუმატო. ქართველი ხალხი ძალიან კარგად შემხვდა. ამავე დროს იმასაც ვიტყოდი, რომ მათ განსაკუთრებული იუმორის გრძნობა გააჩნიათ. რა თქმა უნდა არ შეიძლება განზოგადება და ყოველი მათგანის ერთნაირად დახასიათება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხალხი კეთილგანწყობილია უცხოელთა მიმართ და ყოველგვარი დახმარებისთვის მზად არის. თვალში უარყოფითად მომხვდა ქართველლების განსაკუთრებული გატაცება ავტომანქანებით და მე მასში ვხედავ გმირი ამირანის გალაშქრებას დღევანდელ საქართველოში, "ბრძოლისათვის მზადყოფნას" ქუჩაში, მოტორების ჭიხვინა ხმას. ბუნების სილამაზე აუწერელია, შეუდარებელია. შესაძლებელია თქვენთვის, როგორც ქართველისთვის, უფრო იოლია, თქვენი თანამემამულეების აღწერა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში შთაბეჭდილების მოსახდენ სცენების არარსებობაზე ვერ ვიწუწუნებ.

ირაკლი ბალახაძე: თქვენს მიერ ნახსენები საქართველოს ლტოლვა ევროპისაკენ უკვე საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს. ოლივერ ლიპერთან ინტერვიუში იმედს გამოთქვამდით, რომ "ეს პროექტი ევროინტეგრაციის საკითხში თავის წვლილს შეიტანს". საქართველოში ორი თვის ცხოვრების შემდეგ როგორ შეაფასებდით ქართულ კულტურას – ორიენტირებულს ევროპისკენ თუ აზიისკენ?

დომინიკ ირტენკაუფი: თქვენი კითხვით თქვენ უკვე ასახeთ ტენდენცია ევროპისაკენ. ორი თვე რა თქმა უნდა მოკლე დროა , მაგრამ მე ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო კულტურულად უდავოდ ევროპის მსგავსია, რაც თვალნალივ ჩანს ხელოვნებაში. მეორეს მხრივ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ქართული კულტურის ორიგინალურობა და არა ევროპის გავლენის შედეგად დროთა განმავლობაში სახეცვლილი კულტურული მახასიათებლები. ორიგინალურობაში ვგულისხმობ მკვეთრად განსხვავებულ მუსიკალურ ფენომენს. ზეიმებზე მაგიდის თავში მჯდომი „თამადის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სხვა საინტერესო ტრადიციებს. მიმაჩნია, ეს ტრადიციები თავისი დატვირთვით პოეტური ხასიათისაა და მათ შეუძლიათ ევროპისთვის, განსაკუთრებით შუაევროპისთვის, ახალი იმპულსების მიცემა. რაც მე მაღელვებს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესის იდეაში, არის საკუთარი ენის უპატივცემულობა, როგორც დაახლოვების საშუალების ერთ–ერთი ძირითადი ნაწილი. ბიზნესის ინგლისური არ არის საკმარისი, რომ სხვადასხვა ნაციები ერთმანეთს დაუახლოვო. გერმანიაში ეკონომიური გაერთიანების აუცილებლობა უკვე დიდი ხანია აღიარეს; ეტყობა საქართველოც აპირებს ამ მაგალითით ხელმძღვანელობას. თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, აღმოაჩენთ უამრავ, ევროპული ნივთებით სავსე, მაღაზიას და სილამაზის სალონს ქალბატონებისათვის. ამაზე ჩვენ არ შეიძლება გავჩერდეთ, თუ მაგალითად გერმანია და საქართველო ერთმანეთთან დაახლოება გვსურს. ამას ვგულისხმობდი, როცა წეღან ვსაუბრობდი ქართველების დამოკიდებულებაზე უცხოელების მიმართ. არ უნდა დაივიწყონ ქართველებმა, რომ არ შიძელბა საკუთარი ტრადიციების უგულვებელყოფა მოკლეხნიანი ეკონომიური და სამხედრო უპირატესობების ( ნატო-ში გაერთიანება) გამო. ევროპის გაერთიანება მიმდინარეობს უფრო არაპოლიტიკური გზით, რაზეც ჩემი პასუხიც მეტყველებს. მთავარია ურთიერთგაგება, რისთვისაც უცხო ენების შესწავლა აუცილებელია. ამის შემდეგ შესაძლებელია დაახლოება მრავალი გზით.

ირაკლი ბალახაძე: თქვენს ინტერვიუში ოლივერ ლიპერტთან გამოთქვამდით თქვენს დამოკიდებულებას რელიგიის და ეკლესიის მიმართ. რას ფიქრობთ, რა როლს თამაშობს ქართველის ცხოვრებაში რელიგია ? როგორ ზეგავლენას ახდენს ის, დადებითს თუ უარყოფითს, ქართველების არსებობასა და თვითშეგნებაზე XXI საუკუნეში?

დომინიკ ირტენკაუფი: საქართველოშიც მოხდა მატერიალური და რელიგიური სამყაროს განცალკევება, ამას ხელი შეუწყო ხანგრძლივმა კომუნისტურმა მმართველობამაც. მე ვფიქრობ, რომ ორთოდოქსალური რწმენა ზოგ წრეებში და უპირველეს ყოვლისა ქალაქგარეთ უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე დედაქალაქში. მეცნიერებს და აკადემიკოსებს თითქოსდა არავითარი შეხება არა აქვთ რელიგიასთან, ისევე როგორც გერმანიაში. ისინი ლიტურგიაზე და წირვაზე არ დადიან, მაგრამ მთლად ზურგის შექცევა ტრადიციული მიზეზების გამო აქ გამორიცხულია. საქართველოში რამდენიმეჯერ მოვისმინე აზრი, რომ ეკლესიას, საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანი როლის დამკვიდრება სურს პოლიტიკაში. მე ეს არ შემიძლია შევაფასო. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია რწმენა, რომელიც ჩემს აზროვნებას არ დათრგუნავს. მხოლოდ მატერიალისტური შეხედულებები ცხოვრებაზე რომ არ მაქვს, ამან ჩემს პასუხშიც (ევროპისკენ სრაფვის თემაზეც) გაიჟღერა. მომხრე ვარ ყველანაირი რელიგიური, სპირიტუალური ან სულიერი აღქმის, მაგრამ ორგანიზაციების მიმართ დიდი აზრის არ ვარ, რადგან მათ სხვა რწმენისგან განსამიჯნავად ყოველთვის დოგმა ესაჭიროებათ. როცა მე ზედაზენზე ვდგავარ და ქართლს ვუყურებ, მაშინ არ მჭირდება აღსარება, მტკიცება ჩემი სიმართლის, რომელიც მეუბნება: გაიხარე ადამიანო, შენ გაქვს უფლება, რომ აქ იყო – და ღმერთს შენთვის ბოროტება არ უნდა! თუ ქართველების გული ღია იქნება რწმენისთვის, მაშინ საეკლესიო ცხოვრება ვერ შეძლებს მასზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას. რიტუალების აუცილებლობა სულაც არ მინდა ვუარყო, მაგრამ ეს ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს.

ირაკლი ბალახაძე: თქვენ აპირებდით გაგერკვიათ, თუ რამდენად უკავშირდება საქართველო თქვენს მშობლიურ ქვეყანას მითოლოგიური თვალსაზრისით. როდის მიეცემა მკითხველს საშუალება იხილოს თქვენი საქართველოში ყოფნის დროს დაწერილი წიგნი?

დომინიკ ირტენკაუფი: ეს იქნება წიგნი, თუმცა კი ამჟამად ჯერ არ არის გადაწყვეტილი იქნება თუ არა ჩემი ჩანაწერები, რომლებიც პიროვნული ხასიათისაა ისევ პატარა ფორმატით გამოცემული. საქმე ძალიან კარგად მიიწევს წინ. ამჟამად უკვე ასზე მეტი ხელთნაწერი გვერდი შევქმენი. სტიპენდია - „მუზა“ ითვალისწინებს, რომ წიგნი ჯერ გერმანულ ენაზე გამოქვეყნდეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩემი დაბრუნებიდან არა უგვიანეს ექვსი – ცხრა თვის განმავლობაში უნდა წარვადგინო გამზადებული ხელნაწერი და ვაწარმოო მოლაპარაკებები დაინტერესებულ გამომცემლობებთან. წინასწარ სამ გამომცემლობას უკვე ველაპარაკე და მათ სერიოზული დაინტერესება გამოიჩინეს ხელნაწერის მიმართ. თუ წიგნმა ლექტორატის კრიტიკას გაუძლო, მაშინ იგი შემდეგ წელს გამოქვეყნდება. ამის შემდგომ სამინისტრო მის ქართულად თარგმნას დაავალებს ვინმეს, ასე რომ ქართველებსაც შეეძლებათ გაეცნონ ჩემს შთაბეჭდილებებს მომავალ წელს. საქართველოზე წიგნს გერმანიაში უფრო დავამუშავებ და უსათუოდ ცვლილებებს შევიტან.

ირაკლი ბალახაძე: მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა თქვენი, როგორც ხელოვნის, ჰორიზონტის გასაფართოებლად უკვე რამდენიმე საინტერესო მოგზაურობა განახორციელეთ უცხოეთში. რას აპირებთ მომავალში? რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას?

დომინიკ ირტენკაუფი: პირველ რიგში საქართველოზე წიგნი უნდა დავამთავრო, ამასთანავე მე არ ვფიქრობ, რომ იგი იქნება ბოლო ამ პატარა, შავი ზღვის და კავკასიის შორის მდებარე ქვეყნის შესახებ. შესაძლებელია, რომ საქართველოში ყოფნის ამ ოთხი თვიდან მე უფრო მეტ იდეას წავიღებ, ვიდრე ამ წამს ჩემთვისაა ნათელი. ევროპის ან მსოფლიოს სხვადასხვა ლიტერატორების ერთმანეთთან დაახლოების იდეა არ მასვენებს, რადგან მე ამაში შანსს ვხედავ, განსაკუთრებით გერმანულენოვანი მწერლისთვის. უკვე დაგეგმილია დოკუმენტური ფილმი ნიუ იორკელ პოეტ ირა კოჰენზე, რომელიც მსოფლიო მოგზაური იყო ამ სიტვის პირდაპირი მნიშვნელობით და თავისი დიდი ასაკის მიუხედავად კიდევ აგრძელებს მოგზაურობას. ეს პროექტი სტიპენდიის გამო ცოტა დავიწყებას მიეცა, მაგრამ არ გადამიფიქრია. გამოიცემა რომანი ("Collagenroman"), რომელიც უფრო ექსპერიმენტს წარმოადგენს ჩემი მხრიდან. იგი სამ ენაზეა შედგენილი და ამის გამო გერმანიის საზღვრებსგარეთაც გააღწევს. რაც მთავარია მომავალ წელს, უპირველეს ყოვლისა ჩემს სადოქტორო სამუშაოს ("Einfluß der abendländischen Esoterik auf Kultur und Geschichte Europas") მივუბრუნდები.

ირაკლი ბალახაძე: ბატონო ირტენკაუფ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ჩვენთვის გამოყოფილი დროსთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს კულტურულ და ლიტერატურულ საქმიანობაში, და ასევე საქართველოში დარჩენილი დღეების სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარებას. გსურთ ჩვენს მკითხველს კიდევ რამე შეატყობინოთ?


დომინიკ ირტენკაუფი: დიდი მადლობა (ამბობს ქართულად). პატარა მითითება ყველა თბილისელი მკითხველისთვის: შემდგომ ოთხშაბათს, სამ ოქტომბერს, მზიურის პარკში 16 საათზე წავიკითხავ ჩემი უკვე გამოცემული წიგნებიდან ფრაგმენტებს. მე გამიხარდებოდა ყოველი მსმენელის დასწრება. და მეცნიერებისაც მათ შორის: 17 ოქტომბერს 13 საათზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში წავიკითხავ ლექციას ჩემი მითოლოგიური კვლევის შესახებ.


 

 

ავტორები: ირაკლი ბალახაძე, გიორგი ბალახაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)
 
  
 
გვერდის მთლიანად ან ნაწილობრივად გამოყენება ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის ნებადართული

Last Updated on ორშაბათი, 23 თებერვალი 2009 10:03