ლარის გაცვლითი კურსი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 09 მარტი 2008 12:50
 
 
 
ქართული ლარი

ქართული ლარი - საქართველოს ეროვნული ვალუტა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება "ლარი" ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკად. ვ. ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

ბანკნოტები


1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.

ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: "საქართველო", "საქართველოს ეროვნული ბანკი", ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე – ინგლისური ენოვანი წარწერები: "GEORGIA" და ნომინალის დასახელება.

ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:

    * 1 ლარიანზე - ნიკო ფიროსმანი
    * 2 ლარიანზე - ზაქარია ფალიაშვილი
    * 5 ლარიანზე - ივანე ჯავახიშვილი
    * 10 ლარიანზე - აკაკი წერეთელი
    * 20 ლარიანზე - ილია ჭავჭავაძე
    * 50 ლარიანზე - თამარ მეფე
    * 100 ლარიანზე - შოთა რუსთაველი
    * 200 ლარიანზე - ქაქუცა ჩოლოყაშვილი
    * 500 ლარიანზე - დავით აღმაშენებელი


2007 წლის აპრილში მიმოქცევაში შემოვიდა ახალი 200 ლარიანი კუპიურა. ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, მეორე მხარეს კი - სოხუმის ხედი. კუპიურას ფონად ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები აქვს.

მონეტები

1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა - ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველოს რესპუბლიკა". მოგვიანებით 1 და 2 თეთრიანი მონეტები ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან.

საიუბილეო მონეტები


2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გაშვებული იქნა ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების – შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი – ოქროსფერი.
Last Updated on კვირა, 09 მარტი 2008 12:54